გაათავისუფლე შენი შინაგანი ბავშვი
ყველა ჩვენთაგანში ცხოვრობს შინაგანი ბავშვი, რომელიც ჩვენი აუთენტური რაობაა. ანუ ისაა, რასაც სინამდვილეში წარმოვადგენთ: ცოცხალი, ენერგიული, შემოქმედებითი, მხიარული და თავდაჯერებული ნაწილი ჩვენი პიროვნებისა. როდესაც ვიხსნით ნიღბებსა და სოციალურ როლებს, ან ვიცილებთ თავსმოხვეულ ფიქრებს იმის შესახებ, თუ რა გვეგონა რომ ვიყავით, შესაძლებლობა გვეძლევა ვიპოვნოთ ჩვენი შინაგანი ბავშვი. უმრავლესობას არ გვქონია უზრუნველი წარსული და უფრო მეტიც, ზოგის ცხოვრება სავსე იყო განსაცდელითა და იმედგაცრუებებით, ამიტომაც დავკარგეთ ბუნებრიობა და სხვები გავხდით: იმის გამო, რომ ტკივილისათვის გაგვეძლო, იმისათვის, რომ გადავრჩენილიყავით. ჯერ დავმალეთ, შემდეგ დავივიწყეთ, მაგრამ ის იქ ცხოვრეობს, ჩვენს ქვეცნობიერში, სიყვარულით სავსე გულითა და ფართოდ გახელილი ლამაზი თვალებით. მოლოდინით აღსავსე, რომელიც ელის, რომ ვიპოვნით, დავიბრუნებთ, შევიყვარებთ და მასზე ვიზრუნებთ.
ვინ ვარ სინამდვილეში?
ვინაიდან ჩვენი ნამდვილი მე დიდი ხნის წინ დავთრგუნეთ, ცხოვრებისეულ გამოწვევებთან გამკლავება კი სოციუმზე მორგებულ ყალბ პიროვნებას მივანდეთ, ძნელი ხდება იმის გამორკვევა, თუ ვინა ვართ სინამდვილეში.
ადრეული ბაშვობიდან მოყოლებული, ჩვენ ვიწყებთ კულტურის, ოჯახის, სოციუმისა და პედაგოგების მიერ მოწვდილი მზა-მზარეული ვერსიებს მიღებას იმის თაობაზე, თუ როგორები უნდა ვიყოთ, რა უნდა მოგვწონდეს, რა არ უნდა გვინდოდეს და რად უნდა ვიქცეთ . ამას ფსიქოთერაპიაში ინტროექტებს, ანუ კრიტიკის გარეშე მიღებულ ჩაყლაპულ განწყობებს უწოდებენ. ინტროექტები ხშირად არანამდვილობის შეგრძნებას იწვევს და არ ემთხვევა პიროვნების მოთხოვნილებებსა და რეალურ გამოცდილებას, მაგრამ ოჯახისა და კულტურის წნეხი დიდია,ამიტომ ვთრგუნავთ იმას, რაც ჩვენში ნამდვილია და ვსწავლობთ შერჩევითად მხოლოდ იმ თვისებების გამოხატვას, რის გამოც სიყვარულით დაგვაჯილდოვებენ. როგორც წესი, ინტროექტები გამოვლინდება ფრაზებით ‘’უნდა’’; ‘’ასე სწორია’’, ‘’შეიძლება’’, ‘’არ შეიძლება’’.თუმცა დროთაგანმავლობაში ვეჩვევით თავსმოხვეული აზრებითა და დადგენილი დოგმებით ცხოვრებას და ისინი უკვე საკუთარი ფიქრები და აზრები გვგონია. ამიტომაც არის რომ, ფსიქოთერაპიაში კლიენტთან მუშაობა ინტროექტების გაცნობიერება-მოცილებისკენ არის მიმართული, იმისათვის რომ ის ემოციები გავაცოცხლოთ, რაზეც ერთდროს გვეუბნებოდნენ რომ არ უნდა გვეგრძნო, არ უნდა გამოგვეხატა, რადგან თუ ასე მოვიქცეოდით, ვერ მიგვიღებდნენ, არ ვეყვარებოდით, დავისჯებოდით. ჩვენც შევწყვიტეთ საკუთარი თავის სიყვარული, უნდობლობა გამოვუცხადეთ მას და ჩვენი პიროვნების იმ ყალბ როლებთან გაიგივება მოვახდინეთ, რითაც უფრო მეტად მოსაწონი ვიქნებოდით სხვებისათვის. დათრგუნული ემოციები კი არსად ქრებიან; ისინი ნევროზად, დეპრესიად და სხვა ფსიქიკურ თუ ფსიქოსომატურ დაავადებებად გვევლინებიან. ჩვენც ვიტანჯებით, იმიტომ რომ ბევრი ფიქრი გვასწავლეს და გვითხრეს, რომ ცოტა უნდა გვეგრძნო რომ არ გვეტკენოდა, ისე როგორც ბავშვობაში ხდებოდა ხოლმე მაშინ, როცა “კარგი” საქციელის გამო გვაჯილდოვებდნენ , მაგრამ არ გვისმენდნენ და არ გვითანაგრძნობდნენ, როდესაც ჩვენი სურვილები სხვისას არ ემთხვეოდა. როცა ამის გამო გვეუბნებოდნენ, რომ არ ვვარგოდით.
ემოციები და ფსიქოლოგიური უსაფრთხოება
ვირჯინია სატირი, ფართოდ აღიარებული ოჯახური ფსიქოთერაპიის დედა თვლიდა, რომ ოჯახების 85% დისფუნქციურია. ჩვენ კი, დაბადების პირველივე წუთებიდან საკუთარი საჭიროებები და სურვილები გაგვაჩნია. ტრავმირებულ ოჯახებში ტრავმირებული ბავშვები იზრდებიან და რაც მეტად დისფუნქციურია ოჯახი, მით მეტად უწევს ბავშვს თვითგადარჩენისათვის ბრძოლა, რადგან ხვდება, რომ მშობლებს არათუ მისი, არამედ საკუთარი საჭიროებები და სურვილებიც ვერ მოუგვარებიათ. შინაგანი ბავშვი იმალება, ემოციები ითრგუნება და ყალბი, თანადამოკიდებული პიროვნება იწყებს ჩამოყალიბებას, რომელსაც სჯერა, რომ სიყვარული მხოლოდ აღებ მიცემობაა და ის არ არის დაფუძნებული უპირობო მიმღებლობასა და ნდობაზე.მაგრამ ჩვენს შინაგან ბავშვს საჭიროებები მაინც გააჩნია, ის დროდადრო იწყებს ხოლმე ამოხეთქვას ბრაზის, წყენის, აგრესიის, აკვიატებების, ნივთიერებებზე დამოკიდებულების ან მანიპულაციების სახით. ეს კი საზიანოა, რადგან ბრაზისა და წყენის გამოხატვაც გვიმძიმს იმის გარეშე, რომ საკუთარი საქციელის არ შეგვრცხვეს. სირცხვილია, ირაციონალურია, ეს არ არის კარგი საქციელი, ჩაგვძახის ხოლმე შინაგანი ხმა ბავშვობაში ჩადებული ინტროექტების საშუალებით. შედეგად კი ვცდილობთ უფრო მეტად დავთრგუნოთ, არ გამოვავლინოთ და სადღაც გადავმალოთ ჩვენი ემოციები. კრიტიკა და საყვედური არ დავიმსახუროთ, ყველას მოვეწონოთ, ყველას ვუყვარდეთ და მსგავს ფანტაზიაში გავატაროთ დარჩენილი ცხოვრება საკუთარი ემოციებისა და აუთენტური სურვილებისაგან განზე გამდგარებმა.
ბოლოს როდის იყო, როდესაც ჩიტების ჭიკ ჭიკი შემოგესმათ, ან ქარის მოლამუნება იგრძენით სახეზე? ყვავილზე შემომჯდარი ფუტკარი თუ დაგინახავთ ბავშვობის შემდეგ ან თუ გიფიქრიათ, რა სასიამოვნოა ძილი მაშინ, როცა ზღვის ტალღების ხმაური გვესმის. ეხლა რას გრძნობთ?რას განიცდით იმ ნავში, სადაც ყველა ერთად ვსხედვართ?სადაც ისევ იმას გვიმეორებენ, რომ არ ვიგრძნოთ, არ გავბრაზდეთ, რომ ჩვენი ემოციები მნიშვნელოვანი არ არის. აქ არც ჩვენი შინაგანი ბავშვისათვის არის ადგილი, რადგან ეს დანაწევრებული ადამიანების ნავია, ნახევარი ადამიანების, თანადამოკიდებულების, ჩაკეტილების და ნდობა დაკარგულების. ამ ნავზე მხოლოდ ყვირილიღა შეგვიძლია, რათა ზღვის ტალღების ხმაური გადავფაროთ და საკუთარი ტკივილი ასე მაინც გავაგონოთ რამენაირად ერთმანეთს.
მინდა უნდები ვაქციო მინდებად- გაანთავისუფლე შინაგანი ბავშვი
შინაგანი ბავშვისა და ნამდვილი მე-ს განთავისუფლება უმნიშვნელოვანესია, რათა მოხდეს რეპრესირებული, ჩრდილოვანი ნაწილის მიღება და ჩვენგან განდევნილ, მიუღებელ სურვილებთან და ემოციებთან ჰარმონიაში მოსვლა. ყველა სურვილი რომელსაც ვთრგუნავთ უკან გვხევს და ყველა ემოცია, რომლის გამოხატვისგანაც თავს ვიკავებთ კიდევ უფრო გვიღრმავებს ჭრილობებს. განთავისუფლებული შინაგანი ბავშვი გვეხმარება, ზუსტად დავინახოთ ჩვენი ნამდვილი საჭიროებები და თავი დავაღწიოთ უსარგებლო და ზიანის მომტან ქცევით პატერნებს. შინაგანი ბავშვის განთავისუფლებას არა მხოლოდ საკუთარ შეგრძნებებზე და ემოციებზე დაკვირვება ესაჭიროება, არამედ ის რისკის აღებასაც მოითხოვს, რადგან თავისუფლება რისკია, რისკი რომელიც თუ გაწიე, თუ გაბედე და თავი სრულად გამოხატე, ნიშნავს იმას , რომ ადვილად მსხვრევადი და კრიტიკისადმი მოწყვლადი აღარ ხარ. და ეხლა როცა ნელ-ნელა ვსწავლობთ იმას, რომ ცხოვრებისეული შესაძლებლობები უთვალავია, არჩევანიც შეგვიძლია მრავალნაირი გავაკეთოთ. გამოვიდეთ სამალავიდან, თამამად გავუზიაროთ სხვებს ემოციები და მოვყვეთ საკუთარი ისტორიები იმის შესახებ, რომ გადავრჩით და ყველაფერი გამოგვივიდა.