ეცადე გაიგო ის, რასაც არ ვამბობ – ჩარლზ ფინის წერილი

ჩემთან ურთიერთობისას ნუ მოტყუვდები.

ნუ მოგატყუებს ჩემი ცრუ სახე, რომელიც ნიღაბია. დიახ, მე არაერთი ნიღაბი მაქვს და ძალიან მეშინია მათი მოხსნა. ჩემი არცერთი ნიღაბი არ მგავს მე, ნამდვილ-მეს.

თავის მოჩვენება იმად, ვინც არ ხარ, ნამდვილი ხელოვნებაა და ეს ხელოვნება ჩემს მეორე-მედ იქცა, მაგრამ ნუ მოტყუვდები! ღმერთმანი, ნუ მოტყვდები!

მე თავს გაჩვენებ, თითქოს თავდაჯერებული ადამიანი ვარ, რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ბრწყინვალედ არის. მე თავს გაჩვენებ,რომ მე მჯერა საკუთარი სიძლიერის და რომ „კარგი ტიპობა“ ჩემთვის გართობაა. მე თავს გაჩვენებ, რომ ვარ მშვიდი და ყველაფერს ვაკონტროლებ და რომ მე არავინ მჭირდება… მაგრამ ნუ დამიჯერებ!

ჩემი სახე მშვიდი ჩანს, მაგრამ ეს მხოლოდ ნიღაბია, მუდმივად ცვალებადი და შელამაზებული. ის რასაც ნიღბის ქვეშ ვმალავ საერთოდ სხვანაირია. ნიღბის ქვეშ ვმალავ დაბნეულობას, შიშს და მარტოსულობას. დიახ, ამ ყველაფერს ვმალავ, რადგან არ მინდა, ვინმემ იცოდეს სინამდვილეში როგორი ვარ. როდესაც წარმოვიდგენ, რომ ოდესმე ვინმემ შეიძ₾ება ჩემი სისუსტის შესახებ შეიტყოს, პანიკა მიპყრობს. სწორედ ამიტომაც ასეთი გააფთრებით ვირგებ ნიღბებს და ვიმალები უდარდელი, ბრჭყვიალა, მაგრამ ყალბი ფასადის უკან, რომელიც ჩემს ნამდვილ მეს მალავს. ეს ბრჭყვიალა უდარდელობა ჩემი ხსნა და ერთადერთი იმედია, და მე ეს მშვენივრად ვიცი.

თუ ასეთს მიმიღებენ და შემიყვარებენ, შეიძ₾ება საკუთარი თავისგან განვთავისუფლება მოვახერხო. ჩემს მიერ შექმნილი ციხის კედლებისგან გათავისუფლება. იმ კედლებისგან, რომლებიც ასეთი გულმოდგინებით აღვმართე. ერთადერთ რამეს შეუძლია დამარწმუნოს იმაში, რაშიც საკუთარ თავს ვერ ვარწმუნებ, დამარწმუნოს იმაში, რომ რაიმედ ვღირვარ.

მაგრამ მე შენ ამას არასოდეს გაგიმხელ. ვერ გავბედავ, მეშინია.  ძალიან მეშინია, რომ არ მიმიღებ, არ შემიყვარებ. მეშინია, რომ დამცინებ, და ეს დაცინვა მომკლავს.

მე ვშიშობ, რომ ნამდვილი მე არაფრად ვღირვარ და თუ შენ ამას მიხვდები, ხელს მკრავ,

ამიტომაც ვთამაშობ, ჩემს სასოწარკვეთილ მოჩვენებითობის თამაშს, თავდაჯერებულობის ფასადით და სინამდვილეში, შეშინებული ბავშვის კანკალით.

ასე რომ, ვირგებ მოელვარე, მაგრამ ცარიელ გამოსასვლელ ნიღაბს და ჩემი ცხოვრება გრძელდება.
 

ჩემი სიტყვები უაზრო, შემპარავი და ზედაპირულია. რასაც ვამბობ, სინამდვილეში არაფერს ნიშნავს. იმის შესახებ კი არაფერს ვამბობ, რაც გულში მაქვს და ლამის ხმამაღლა ყვირის.

ასე რომ როცა მორიგ სიყალბეს ჩავიდენ, ნუ მოტყუვდები ჩემი სიტყვებით. გემუდარები, ყურადღებით მომისმინო და გაიგო ის, რასაც არ გეუბნები. ის, რისი თქმაც ძალიან მინდა, მინდა, რომ შემეძლოს ამის თქმა, მაგრამ ვერ გეუბნები.

  არ მიყვარს დამალვა.

არ მიყვარს ზედაპირული ყალბი თამაშები.

მინდა, შევწყვიტო თამაში.

მინდა ვიყო ნამდვილი, სპონტანური, მინდა, ვიყო ნამდვილი-მე, მაგრამ ამაში შენ უნდა დამეხმარო. შენ უნდა ჩამკიდო ხელი თუნდაც მაშინ, როცა გეჩვენება, რომ ეს საერთოდ არ მჭირდება.
 მხოლოდ შენ შეგიძლია, გააცოცხლო ჩემი თვალები. მხოლოდ შენ შეგიძლია ჩემი ცოცხლებში დაბრუნება.

 ყოველთვის, როცა თბილად და კეთილად მექცევი, როდესაც მამხნევებ, როდესაც ცდილობ, რომ გამიგო, იმიტომ რომ ნამდვილად შეგტკივა გული ჩემთვის, გული მითბება და ფრთები მეზრდება, პატარა, სუსტი, მაგრამ მაინც ფრთები!
 
თუკი მოახერხებ ჩემი გრძნობების გაღვიძებას, იცოდე, რომ სიცოცხლეს ჩამბერავ.

ძალიან მინდა, ეს იცოდე.

მინდა იცოდე, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხარ. მინდა იცოდე, რომ თუკი ამას მოინდომებ, შენ შეიძლება ჩემი შემოქმედი გახდე, ჩემი ნამდვილი-მეს შემოქმედი.

შენ შეგიძლია დაანგრიო ის კედელი, რომლის უკან ასეთი დამფრთხალი ვდგავარ. შენ შეგიძლია, ნიღაბი ჩამომხადო. თუკი მოინდომებ, შენ შეგიძლია, გამათავისუფლო  პანიკისგან და ჩემი ციხისგან, სადაც თავს მარტოსულად ვგრძნობ…თუკი მოინდომებ… ძალიან გთხოვ, მოინდომე!

 გვერდს ნუ ჩამივლი. ვიცი, ადვილი არ იქნება შენთვის.

საკუთარი უვარგისობის განცდის პატიმრობა მყარი კედლების აგებას გაიძულებს.

რაც უფრო ახლოს მოხვალ, მით უფრო დაგშორდები. ვიცი, ეს უზარობაა, მაგრამ ნუ დაიჯერებ, რასაც ჩვენზე წიგნებში წერენ. ჰო, ხშირად უაზროდ ვიქცევი. სწორედ იმას ვებრძვი, რაც ძალიან მინდა. მაგრამ ისიც გამიგია, რომ სიყვარულს ნებისმიერი კედლის დანგრევა შეუძლია და ამის იმედი მაქვს.

გთხოვ, დამეხმარე ამ კედლის დანგრევაში შენი ძლიერი ხელით და მერე ნაზად მომეპყარი, ისე, როგორც ძალიან მგრძნობიარე ბავშვს.

 ალბათ, გაინტერესებს, ვინ ვარ?

მე ვარ ის, ვისაც ძალიან კარგად იცნობ.

 მე ვარ ყოველი მამაკაცი, ვისაც იცნობ და მე ვარ ყოველი ქალი, ვისაც შეხვედრილხარ.

ჩარლზ ფინი
სექტემბერი, 1966