‘’თითქოს’’ პიროვნება

“თითქოს“ პიროვნების  მახასიათებლებია შეუღწევადობის კედლით გარშემორტყმული სიცრუის და მოწყვლადობის შეგრძნება.  არაადაპტაციური პასუხები და დისასოციაციები უხვადაა მოცემული მაშინაც კი, როდესაც ადამიანი მიმზიდველ, მაგრამ მიუწვდომელ ხატ-სახეს გამოხატავს. ეს არის ფსიქეს (psyche) ის ასპექტი, რომელიც მოითხოვს სიყვარულს და ყურადღებას, თუმცა ატყუებს საკუთარ თავს და სხვებს, წარმოდგენების გამართვით და „თითქოს“ ქმედებით. ჩნდება  ცხოვრებისეული  ვნების და სიმტკიცის არარსებობა, თითქოს  ცხოვრება ხშირად და  მოულოდნელად ჩერდება.  გათიშვა და დისოციაცია საკუთარი თავისგან ასევე საკუთარი თავის ძებნაა, სიცარიელე, რომელსაც საბოლოოდ შინაგანისკენ მივყავართ.

ეს ფსიქოლოგიური კრიზისი დგება მაშინ, როდესაც იწურება გარეგანი მიღწევები, რომლებიც ამყარებდნენ პიროვნებას, იმსხვრევა შინაგანი რესურსები, და შიშვლდება ის რაც აღიქმება, როგორც სიცარიელის ცენტრი. ეს კომენტარი არის ჰესტერ სოლომინის (Hester Solomon), იუნგის ანალიტიკოსის მიერ  შემოთავაზებული „თითქოს“ პიროვნების კონცეფციის განმარტება. იგი აღებულია ფსიქოანალიტიკოსის ჰელენ დოიჩის (Helene Deutsch) 1940-იან წლებში გაკეთებული ორიგინალი მინიშნებიდან. კონცეფია გაფართოვდა ფრანგი ფსიქოანალიტიკოსის ანდრე გრინის (André Green) თეორიით. შემდეგ მისი ილუსტრირება ხდება პოეტი სილვია პლათის (Sylvia Plath) შემადგენელი კლინიკური შემთხვევის, სიზმრების, დღიურის ჩანაწერების და ლექსების დამოწმებებით, იუნგისეული პუელა/პუერ (puella/puer) და მოსაზღვრე სტრუქტურის  არქეტიპური ფორმებით.


 „თითქოს“ ჩრდილს გამოსცემს

„ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ არ ვიცით ჩვენი როლი, ჩვენ ვეძებთ სარკეს, ჩვენ გვინდა ჩამოვიშოროთ გრიმი, მოვიცილოთ სიყალბე და ვიყოთ ნამდვილი. მაგრამ ცოტაოდენი, მივიწყებული თვალთმაქცობა რჩება ჩვენში“ (Rilke, 1964)

“თითქოს” პიროვნება” შეიძლება გამოვლინდეს, როგორც თერაპიულ საკონსულტაციო კაბინეტში, ასევე მის გარეთ. ამ კონცეფციას ხანგრძლივი ფსიქოანალიტიკური ისტორია აქვს. იგი შედგება სხვადასხვა მახასიათებლისგან, რომლებიც ზოგადად მიუთითებს ფსიქოლოგიური დაპატიმრების სიტუაციაზე. აქ ფოკუსი გამომდინარეობს იუნგის ანალიტიკური ფსიქოლოგიიდან. ამ ტიპის პიროვნების მაგალითი, მეოცე საუკუნის ამერიკელი პოეტის, სილვია პლათის ლექსზე მითითებით, ასახავს შინაგან მოტეხილობას. ეს ტიპი ასევე ნათლად არის მოცემული იუნგის არქეტიპში, რომელსაც ეწოდება პუელა/პუერ (puella/puer) და რომელიც  ფსიქოლოგიური ზრდის შეფერხების ფორმაა. პიროვნების ეს ტიპი ავლენს ფსიქეს (psyche) განხეთქილებებითა და დისოციაციებით, რომლებიც ფორმირდება თვითობის დასაცავად იმ დონემდე, რომ ადამიანი შეიძლება აღვწეროთ, როგორც ემოციურად დაზიანებული. შინაგან უთანხმოებებში,  “თითქოს” პიროვნების მიღებული საფარი  საბოლოოდ ცვდება, და ვლინდება შინაგანი სიცარიელე და   საკუთარი თავის და სხვების მიმართ სიყვარულის არარსებობა.

ადამიანი „თითქოს” შეიძლება დახასიათდეს შეუღწევადობის კედლით შემოსაზღვრული შენიღბულობით, სისუსტით, სიცრუით და მოწყვლადობით. ამ ადამიანებს თითქოს აკლიათ  გულწრფელობის გრძნობა, სითბო და სიყვარულის უნარი. აშკარა დისტრესი ხდება მაშინ, როდესაც გარე მიღწევები, რომლებიც ადრე აძლიერებდა პიროვნებას იშლება და შინაგანი რეზერვები, რომელიც აღარ არის მდგრადი, იწურება. ადრეული გამოტოვებული ემოციური განცდებიდან, ცხოვრების აზრი ირღვევა, იშლება იდენტობა და წესრიგი.ვერ ხერხდება ცენტრის შენარჩუნება, ბირთვთან მიბმულობის ნაკლებობის გამო, რაც ქმნის არაადაპტაციურ ცხოვრებისეულ პასუხებს.(ტრავმული სასიყვარულო მიჯაჭვულობები,ნებისმიერი სახის ადიქცია,აგრესია და აფექტურ იმპულსური ქმედებები). ადრეული უსაფრთხო გამოცდილება იჩრდილება სიცარიელით, დეპრესიით, ყველაფერი არაავთენტურად შეიგრძნობა. არის წუხილი და სასოწარკვეთა, მნიშვნელობის ან ღირებულების ნაკლებობა ცხოვრების ყოველდღიურ მომენტებში. ფსიქოლოგიური მასალა აჩენს კითხვებს კრეატიულობაზე წვდომისა და სიმბოლიზაციის უნარის შესახებ, რომელიც შეიძლება შეინიღბოს და ჩრდილში დარჩეს. ასევე არსებობს სხეულთან არასწორი კავშირის საკითხი, რადგან ინსტინქტები გამქრალია  და სული დასუსტებული.

ეს ადამიანები გამეორების სარბენ ბილიკზე არიან გაჭედილი და სავსე სასოწარკვეთილებით, განსაკუთრებით ასაკის მატებასთან ერთად. ხშირად იკარგება მიმართულება და ყურადღება. სიცოცხლეს, სანამ იგი ელოდება გასხივოსნებას ან მაგიურ გადამრჩენელს,  აქვს ხვრელი ცენტრში.  თუმცა  არავინ და ვერაფერი ავსებს , საკუთარი თავის სიყვარულის ნაკლებობას.


არაცნობიერი მოითხოვს უფრო ღრმა შემეცნებას, ნაკლებად ფარულ ურთიერთობებს საკუთარ თავთან და სხვებთან, იმას, რომ არ ავარიდოთ თავი ცხოვრებას დისტანცირების იძულებით ან პერფექციონისტული ჩვევებით. როგორც ერთმა ადამიანმა შენიშნა, „მას არ სურს რომ გაუგონ, რადგან ეს მას დაუცველს გახდის, მაგრამ მე ასევე ვფიქრობ, რომ ის არც კი იცნობს საკუთარ თავს საკმარისად კარგად, რომ გააზიაროს ის, რასაც იგი ჭეშმარიტად თვლის. მისი ნამდვილი რეალობა ყველაზე ზედაპირულია, რაც კი შეიძლება წარმოიდგინოთ“.


„თითქოს“ პიროვნება  გახლეჩილია,  რაც დასტურდება მისი ნაწილობრივი ჩართულობით ურთიერთობებში, რომლებიც რჩება ემოციურად დამალული, უმეტესად საკუთარი თავისგან, და ის ვერ ხედავს მათ სიღრმეს ან სრულყოფილებას. ასეთი ადამიანი  მოქმედებს მხოლოდ  საკუთარი თავის დასაცავად,  თუმცა არ გააჩნია შინაგანი საზრდო და რესურსები, რომლებიც დაბრკოლებულია იმით, რასაც აღწერენ, როგორც შინაგან სიცარიელეს.გადარჩენის ცენტრალური პრობლემა მათში ბავშვობიდან   გამოიხატა დისოციაციის გზით, როგორც ადაპტური თავდაცვის საშუალება. კომპენსაციის მიზნით კი , ხდებოდა თვითშექმნის აქტები  გარემოს სხვა მკვებავი წყაროებთან მთელი რიგი იდენტიფიკაციებისა და ინტერნალიზაციების მეშვეობით, რომელიც შეიქმნა მის გარშემო, როგორც სიცარიელის თავდაპირველი გრძნობის ჩანაცვლების მცდელობა (Solomon, 2004, p. 641). უსაფრთხო თვითიდენტურობის ან მიჯაჭვულობის განვითარების შესაძლებლობის გარეშე, იმარჯვებს მიმიკრიის ადაპტაციური უნარი და სიყალბის გრძნობა. ცხოვრება უფრო უსაფრთხო ჩანს, ილუზიასა და საფარამდე დაყვანილი.


„თითქოს პიროვნება“ თავდაპირველად აღწერა ფროიდისეულმა ფსიქოანალიტიკოსმა ჰელენ დოიჩმა (Helene Deutsch)როგორც  ემოციური ურთიერთობის მხრივ გაღატაკებულ ან მათ არმქონე ადამიანად.. იგი ამბობდა, რომ ასეთ ადამიანს  არ გააჩნია ნამდვილობა და მას უწოდა  მიმბაძველობითი.  დოიჩი ცდილობდა წარმოეჩინა  ეს პიროვნება, როგორც მხოლოდ ზედაპირული, თვითმარქვია და სიღრმის არმქონე. თუმცა, სოლომონი (Solomon) აღნიშნავდა , რომ ჭეშმარიტება იმალება იმ სიცარიელეში, სადაც შემორჩენილია მწუხარება და ტრავმები. ფასადის ქვეშ, ტკივილისა და მწუხარების სიღრმე ბუდობს. შეცბუნებაც კი არის. მიმიკრიის საშუალებით ადაპტაცია  გაგებულია, როგორც სასოწარკვეთილი მცდელობა გაბუნდოვნებისა და ამოცნობისგან დაცვისა. ის გრძნობს უფსკრულს, იმედოვნებს, რომ გათავისუფლდება არაავთენტურისგან, თუმცა მას თანაბარ წილად სჭირდება იგი. მას ეშინია საკუთარ თავად ყოფნის. თვითმოტყუების ხაფანგში მოქცეული, იგი ამცირებს საკუთარ თავს, რომელიც მას სძულს და   ავლენს აგრესიას თავდაპირველი დაკარგული ობიექტის(სათანადო,ჯანსაღი მშობელი)  მიმართ საკუთარ თავთან მტრობის გზით.

კრისტოფერ ბოლასი (Christopher Bollas), ბრიტანელი ფსიქოანალიტიკოსი წერს, რომ ადამიანი აკვდინებს საკუთარ თავს და ფსიქეს (psyche), შიგნით მყოფი მკვდარი ობიექტის გამო. პიროვნება არის „მდგომარეობაში, როდესაც ის იმყოფება იმის შორის თუ რისი ეშინია საკუთარ გონებაში და რისი ეშინია გარე სამყაროში… ან, ცხოვრობს არარსებულ მიწაზე, უსასრულო გადადებისა და ნახევრად იდენტურობის ადგილას“ საკუთარ თავში ჩაძირული, თითქმის არ გრძნობს და არ განიცდის.  სოლომონი აღნიშნულს მიაწერს იმას, რასაც იგი უწოდებს საკუთარი თავის გაღატაკებას სანატრელი და იდეალიზებული სხვის გამო  ადრეული ტრავმული გამოცდილებიდან გამომდინარე .ასეთი გამოცდილების ტკივილიდან ჩნდება შფოთი და მისი კომპენსაციისთვის ილუზორულის მოთხოვნილება. ეს ილუზიები და მათი საჭიროება ასაკთან ერთად მყარდება.

„თითქოს“ ადამიანმა შეითვისა არყოფნა, სიცარიელე, უსიცოცხლო სიცარიელე და ცარიელი გამოცდილება, რომელთაც არ გააჩნიათ წვდომა ჭეშმარიტ თვითობასთან. გმირული სწრაფვა და მისი შედეგები არ აკმაყოფილებს, რადგან ისინი ძირითადად თავდაცვითი ხასიათისაა.

Men who are in the dark mood / made to the concept”Human emotions”


ანდრე გრინი (André Green)

ფრანგი ფსიქოანალიტიკოსი, ანდრე გრინი, მეოცე საუკუნის ბოლოს აღწერს აქ მოყვანილი პიროვნების ტიპს: „ფსიქიკური ნგრევა, რომელიც იპყრობს საგანს ისე, რომ მთელი სიცოცხლისუნარიანობა და სიცოცხლე იყინება იქ, სადაც სინამდვილეში აკრძალულია… ყოფნა“ . ადამიანი განიცდის აზრის დაკარგვას, იტანჯება იმის გამო, რომ არ ძალუძს აღადგინოს გლოვის ობიექტი ან გააღვიძოს დაკარგული სურვილი. ხდება ვაკუუმთან ან ბავშვობაში გაჩენილ  უფსკრულთან იდენტიფიკაცია.


გრინი ასევე აღწერს სხეულსა და ფსიქეს (psyche)  შორის თანმდევ დისოციაციას, როგორც სიყვარულის ბლოკირებას. ფორმირდება მიჯაჭვულობა იმასთან, რისი ნაკლებობაც არსებობს.  რჩება სურვილის არსებითად კონფლიქტური, ორაზროვანი ბუნება, რომელიც მოიაზრება, როგორც ‘’ სხვა რამის სურვილის სურვილი“. გრინი აღწერს ფსიქოანალიზს, როგორც გლოვის პრობლემებთან დაკავშირებულ სამუშაოს . იგი ამტკიცებს, რომ ფსიქოანალიზი ეფუძნება ნეგატივს. ეს ეხება არმყოფს, დაკარგულს და ლატენტურს, თავად არაცნობიერის მსგავსად. ეს ეხება „თითქოს“ ადამიანს, რომელსაც ხშირად არ შეუძლია ღრმად გლოვა, თუმცა მწუხარებაშია   ჩაძირული. სიცარიელის, გაჩანაგების, ამაოებისა და უაზრობას  განცდის თვალსაზრისით “თითქოს’’  ადამიანი განასახიერებს შინაგან განხეთქილებას, მოტეხილ მე-ს, დაბრკოლებულ ფსიქოლოგიურ განვითარებას.

გრინი ასევე აღწერს სხეულსა და ფსიქეს (psyche) შორის დისოციაციას. ფსიქიკური ტკივილის მდგომარეობაში გაყინული იმედგაცრუება, უუნარობა და თავდაჯერებულობის ნაკლებობა შთანთქავს პიროვნებას. შედეგია სინგულარულობა და არა გაზიარება, იზოლაცია და არა ურთიერთობა. მას არ აქვს საკუთარი თავის და სხვათა გაგება, რადგან არ იცის ეს გამოცდილებით. ეს დაუცველი ადამიანი, რომელსაც სურს, რომ იგი უყვარდეთ და თავადაც უყვარდეს, იზოლაციაში ცხოვრობს და საიდუმლოებით არის მოცული.ზრდასრულ ასაკში  მწყობრიდან გამოდის, როდესაც რეპარაციის მცდელობები უშედეგოა, უძლურებისა და დამარცხების გრძნობები დომინანტური ხდება. ნარჩუნდება ყრუ ფსიქიკური ტკივილი, რომელსაც ახასიათებს აფექტებთან დაკავშირებული მჭიდრო კავშირების უუნარობა. გრინმა აღნიშნა, რომ ეს ადამიანები ამჟღავნებენ “მწვავე კონფლიქტს მათთან, ვინც ახლოსაა… კონფლიქტური სიტუაციიდან თავის დაღწევის უძლურებას, სიყვარულის უძლურებას, საკუთარი ნიჭის მაქსიმუმის გამოყენების, საკუთარი აქტივების გამრავლების უძლურებას, ან როდესაც ეს ხდება, შედეგებით ღრმა უკმაყოფილებას“

იგი ღებულობს დეპერსონალიზებულ დამოკიდებულებას საკუთარი თავის და სხვების მიმართ, გრძნობს თავს არარეალურად და სამყაროსთან არა მწყობრში მყოფად. ის გამოიყურება ფუნქციონალურად, მაგრამ ცხოვრობს მისი პოტენციალის ქვემოთ. ცხოვრების მიმართ ვნება შემცირებულია, ინდივიდუალური აზროვნება ჩამოუყალიბებელი და სიცოცხლე გაუფასურებული. პიროვნული მუდმივობისა და თანმიმდევრულობის მცირე გრძნობით, მას ეშინია ავტონომიის, და ხშირად ირჩევს იზოლაციის მიდგომას. ეს საჭიროა იდენტობის შესანარჩუნებლად, მაგრამ ხელს უშლის ინტიმურობას და აფერხებს ურთიერთობებს. „ის ხედავდა, რაც აკლდა. ეს არ იყო სილამაზე; ეს არ იყო გონება. ეს იყო რაღაც მთავარი, თბილი, ის  რაც არღვევს ზედაპირებს და ათბობს   მოსიყვარულე ადამიანების   კონტაქტს“ (Woolf, 1990).

“თითქოს’’  ადამიანები კვებავენ ჩაგვრის, უიმედობის, მშობლების მიერ უგულებელყოფის, მიტოვების და ემოციური სიმკაცრის ინტერნალიზებულ ციკლს. ფაქტობრივად, სახეზეა ყოფიერების დამბლა. „თითქოს“ ადამიანი ცხოვრობს ფსიქიკურ რეალობაში, რომელმაც განიცადა და შეითვისა  არყოფნის ყოფნა.

 “თითქოს’’  ადამიანისთვის ცხოვრება ილუზიურია. ის შეიძლება იყოს სავსე წარმატებებით, მაგრამ ხშირად არ არის განპირობებული სურვილით. ეს ადამიანები შეიძლება რამემ გაიტაცოს, მათ წინ გაიხსნას გზები, და მათ შეიძლება მიიღონ ეს შესაძლებლობები,  მაგრამ ვნების გარეშე. ისინი ხშირად გრძნობენ თავს მატყუარად, ყალბად, რეაგირებენ ფსევდო აფექტურობით და ცხოვრობენ მოჩვენებითი არსებობით. მათთვის ცხოვრება ვიწრო ლიანდაგზე სიარულის მსგავსია.

აღნიშნული დისტრესული შინაგანი სიტუაცია ზღუდავს ინტეგრაციის, ინდივიდუაციის და ტრანსცენდენტული ფუნქციის განვითარების შესაძლებლობებს.იუნგის ფსიქოლოგიაში ფსიქიკის  ტრანსცენდენტულ ფუნქციაზე მითითება მტკივნეულ პარადოქსებს გვახსენებს. ნაპრალს „რა იყო“ და „რა იქნებას“ შორის, ტრანსცენდენტური ფუნქცია არეგულირებს და  წარმოადგენს ახალი მიდგომების აღმოცენების საშუალებას. სიმბოლური ფუნქციონირების დეფიციტის გამო, „თითქოს“ ადამიანისთვის რთულია ტრანსცენდენტულ ფუნქციასთან წვდომა.შეიძლება გასაკვირი იყოს, როდესაც თითქოს ადგილზეა ინტელექტუალური და სიტყვიერი შესაძლებლობები,  მაგრამ ადამიანი რეალურად არის ძალიან ხისტი, კონკრეტული, მოუქნელი და პასიური.


ასეთ ადამიანს ხშირად უჩნდება შიში არაცნობიერში შესვლისა და იმისი, რაც ჩანს როგორც უწყვეტი და ეგზისტენციური მიტოვების სიცარიელე. ის ეძებს მოწონებას, იმ დროს, როდესაც შიგნით შიში ბუდობს. ამ ადგილის შესავსებად კი  განუწყვეტლად იდეალური სიყვარულის ძებნაში    შეიძლება იყოს  ჩაბმული.

„თითქოს“ პიროვნების სიცივე და სიფრთხილე  ეფუძნება დაუცველობასა და შეუღწევადობას, რაც მცირე შიდა და გარე წვდომას იძლევა. ეს შეიძლება მოიცავდეს საკუთარი თავის გაუცხოების განცდას, ინერციით ცხოვრებას , ტრანსის მსგავს მდგომარეობაში ყოფნას დროისა და ღირებულების მცირე გრძნობით. ეს კვებავს საკუთარი თავის სიძულვილის, ჩაგვრისა და შურისძიების ინტერნალიზებულ ციკლს. ადამიანი თვლის, რომ დამნაშავეა, და ეს გრძნობა მთელს მის არსში იჟღინთება. ეს გრძნობა შეიძლება გახდეს იმდენად მძიმე, რომ მან გაწყვიტოს კონტაქტი სამყაროსთან და იგი, როგორც ნახევრად მკვდარი, შეიპყროს შეუბრალებელმა უმწეობამ, უძლურებამ და პასიურობამ. რეალური თვითობა რჩება უსიტყვო და იზოლირებული, დანარჩენ პიროვნებასთან კომუნიკაციის არარსებობის მდგომარეობაში.


რჩება რა უცნობ და  არაცნობიერ მდგომარეობაში, აქ მითითებული პიროვნების ტიპი ხისტდება. ფსიქიკური ფრაგმენტები იშლება ტრავმული გავლენების დაგროვების გამო. ტრავმის შედეგებმა შეიძლება დატოვოს ადამიანი ვნების, ბუნებრივი ნაკადის ან ავთენტურობის გარეშე. არსებობს განკერძოების აურა, რომლის მიღმაც იგი არსებობს, ხელშეუხებელ სამფლობელოში. მიჯაჭვულობის პრობლემები ვლინდება დამახინჯებული სხეულისა და საკუთარი წარმოსახვის სიმპტომებით. ჩნდება სიცარიელის და მოუსვენრობის განცდა.  მოსიყვარულე და რეპარაციულ თვითობასთან წვდომას ხელ უშლის იგი,  შეშინებული თვითობა კი  იმარჯვებს. დამცავი ფენა იცავს მას ყველაფრისგან, რაც არ არის მისი ზედმიწევნით ორკესტრირებული სამყაროს ნაწილი. ის მეტაფორულად მარტო იკეტება ოთახში  მოსალოდნელი გარე საფრთხეებისგან თავის დასაცავად, მაგრამ მაინც ნაკლებად გრძნობს უსაფრთხოებას ან დაცულობას. ეს იმიტომ ხდება, რომ როდესაც გარეგანი პირობები მოხსნილია, ის ვერ პოულობს თავის სანუკვარ თვითობას. “თითქოს ეს” იყოს სულ  მისი იმიჯი, რომელიც აღმატებული უნდა ყოფილიყო რეალურზე. 

გრანდიოზულობისა და აღიარების საჭიროების გამოვლენის მიღმა დანაკარგები იმალება.

 ლექსში „სარკე“, სილვია პლათი ასახავს ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, რომელიც საუბრობს სიცოცხლეზე ცოცხალი გრძნობის გარეშე, სხეულისგან განცალკევებულ „მე“-ზე, რომელიც დაფარულია დეპერსონალიზაციის მტანჯველი გრძნობით . სარკეში ქალი გაურკვეველი ჩანს, მისი სახე გამოსახულია თვისებებისა და პიროვნულობის გარეშე. ლექსის ბოლოს წერია:მან ჩემში პატარა გოგონა დაახრჩო და ჩემშივეა მოხუცი ქალი, რომელიც დღითიდღე მისკენ მიიწევს, როგორც თავზარდამცემი თევზი“.
სიმბოლურად, თევზი/მოხუცი ქალი წარმოადგენს ცხოვრების ისეთ ტრანსფორმაციას, რომელიც აწუხებს „თითქოს“ პიროვნებას. თევზი სიღრმეში ბინადრობს, ისევე როგორც სული და ეჭვგარეშეა, რომ სიღრმისკენ მიილტვოდა სილვია პლათიც. მიუხედავად ამისა, ხისტი ეგო და პერსონა დამოკიდებულნი არიან დადგენილ იმიჯზე, ხშირად ახალგაზრდა იმიჯზე,რომელმაც ბრწყინვალედ გაამართლა ყველა მოლოდინი, ელეგანტურობის, სილამაზისა და მიღწევების შეძენილი მშობლისეული და სოციალური სტანდარტების იდეალური სარკე – პერსონა. ეს არის  “თითქოს’’  პიროვნების სოციალური როლი; ესთეტიკური, საფარში გაყინული ადამიანის  ღიმილი და სრულყოფილი ანარეკლი, ადამიანი, რომელიც ანარეკლია და “თითქოს” თავად არის.


თითქოს პიროვნება   მარადიულ ბავშვს წარმოადგენს, გოგოს ან ბიჭს.  რომელიც ვერ პოულობს კუთვნილებას, ადგილს ან სწორ ნიშას. ადამიანი თავს არასტაბილურად გრძნობს, სჭირდება შინაგანი სიმყარე. ამასთან ერთად, ისინი იმყოფებიან „საკუთარი თავის და მთელი რეალობის მიმართ მუდმივი უკმაყოფილების ბავშვურ მდგომარეობაში..თითქოს პიროვნება ვლინდება მოზარდის თვისებებისა და აქტივობების თაყვანისცემაში და ხშირად ნიშნავს სიკვდილისა და დაბერების უარყოფას. ახალგაზრდობის, სილამაზისა და ძალაუფლების გულუბრყვილო ფანტაზიები შენარჩუნელბულია და გაჰყავთ ადამიანი ყოველდღიური, ჩვეულებრივი ცხოვრებიდან. ზეწოლა იცხოვრო „თითქოს“, გაძლიერებული პერსონის ადაპტაციით, იქმნება იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ძირეული სიცარიელე და ნარცისულ/მოსაზღვრე  ჭრილობები.ამ რუტინით დაღლილობა გადადის ღრმა, მუდმივ სურვილში, რომ უბრალოდ აღარ იყო..

თითქოს პიროვნებას, იუნგის მიხედვით კი პუელას არქეტიპს   აქვს  სრულყოფისა და განსაზღვრების უპირველესი საჭიროება. ეს გამორიცხავს მოძრაობას აქედან იქამდე ან წარსულიდან მომავალში. ასეთი პიროვნება შეიძლება მაგალითი იყოს  უცვლელობის ტრაგედიის  და ამავდროულად გახადოს ცხოვრება ზედმეტად კომპულსიური, სწრაფი და ზედაპირული.  პუელა ეწინააღმდეგება სიცოცხლეს. არაფრის და არავის საჭიროების ფასადი თითქოს შლის ურთიერთობების მტკივნეულ მოთხოვნილებას. პუელა  ითხოვს სიყვარულს და ყურადღებას, თუმცა იტყუებს საკუთარ თავს და ართობს სხვებს სპექტაკლის დადგმით და „თითქოს“ ქცევით. ის კედლების მიღმა ცხოვრობს, და თავდაჯერებულობას თამაშობს.
„შესაძლოა, ჩვენს ცხოვრებაში ყველა დრაკონი არის პრინცესა, რომელიც ელის ჩვენგან ერთხელ მაინც ლამაზ და გაბედულ ქმედებას. შესაძლოა ყველაფერი, რაც გვაშინებს, თავისი ღრმა არსით არის რაღაც უმწეო, რომელსაც ჩვენი სიყვარული სჭირდება“ (Rilke)