იმედი, როგორც დაბრკოლება

იმედი – მნიშვნელოვანი ძალაა. მას შეუძლია დღევანდელი დღის ტვირთის შემსუბუქება და თუ ჩვენ გვჯერა, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება, ამჟამინდელ გაჭირვებას უკეთ ვიტანთ. თუმცა, ეს არის ის მაქსიმუმი, რასაც ჩვენთვის იმედს მოაქვს – რიგი უსიამოვნების შემსუბუქება. როდესაც, იმედის ბუნებას ვუღრმავდები, მასში რაღაც ტრაგიკულს ვხედავ. ჩვენ იმედს მომავალზე ვამყარებთ და შესაბამისად არ ვახდენთ მოცემულ მომენტზე ენერგიის და შესაძლებლობის ფოკუსირებას. ჩვენ ვიყენებთ იმედს, იმისთვის რომ ვირწმუნოთ, რომ რაღაც უკეთესი მოხდება მომავალში, სადაც ჩვენ მშვიდობით და ბედნიერად მივაღწევთ. ამრიგად, იმედი ხდება დაბრკოლების ერთ-ერთი სახეობა. თუ ჩვენ შევძლებთ იმედისგან თავშეკავებას, საკუთარ თავს სრულად გადავიტანთ მოცემულ მომენტში და აღმოვაჩენთ იმ სიხარულს, რომელიც უკვე არსებობს აწმყოში.

ბედნიერებას, სიმშვიდეს, სიხარულს ძღვენად არავინ გვიბოძებს. ჭა არის ჩვენში და თუ გვსურს წყალი, ღრმად უნდა გავთხაროთ დღესვე. უნდა დავბრუნდეთ დღევანდელობაში, იმისთვის რომ რეალურად ვიცოცხლოთ.

დასავლური ცივილიზაცია იმედის კონცეფციას იმდენ ადგილს უთმობს, რომ ამას აწმყოს ცნება ეწირება. იმედი არის მომავლისთვის. ის არ გვეხმარება იმაში, რომ ამჟამინდელ მოცემულობაში აღმოვაჩინოთ სიხარული, სიმშვიდე და სინათლე. ბევრი რელიგია იმედის კონცეფციას ეფუძნება, და ეს ბლოგი იმედისგან თავშეკავების თაობაზე შესაძლოა ბევრს არც მოეწონოს. მაგრამ საკითხის სხვაგვარად დანახვამ, შესაძლოა რაღაც მნიშნელოვნამდეც მიგვიყვანოს. მე არ ვგულისხმობ იმას, რომ იმედი არ უნდა გვქონდეს, არამედ იმას, რომ იმედი არ არის საკმარისი. იმედს შეუძლია დაბრკოლება შეგვიქმნას. თუ ჩვენ იმედის ენერგიით ვიცხოვრებთ, ვერ შევძლებთ ამჟამინდელ მომენტში სრულად დაბრუნებას. თუკი ამ ენერგიას გადავამისამართებთ იმაზე, რომ გავიაზროთ რა ხდება აწმყოში, შევძლებთ გარღვევას და მოცემულ მომენტში სიხარულის და სიმშვიდის აღმოჩენას.

აბრაჰამ იოჰანეს მასტიმ (A.J. Muste), XX საუკუნის შუა პერიოდის აშშ-ს მშვიდობის მოძრაობის ლიდერმა, მილიონობით ადამიანის შთაგონების წყარომ თქვა: „არ არსებობს მშვიდობისკენ მიმავალი გზა, თავად მშვიდობა არის გზა“. ასევე არ არსებობს გზა ბედნიერებისკენ, თავად ბედნიერება არის გზა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია შევიგრძნოთ სიმშვიდე ამ წუთს, მოცემულ მომენტში, ჩვენი გამოხედვით, ჩვენი ღიმილით, ჩვენი სიტყვებით, ჩვენი ქმედებით. სამშვიდობო მუშაობა არ არის საშუალება. ჩვენს მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯი უნდა იყოს თავად სიმშვიდე. თითოეული ნაბიჯი უნდა იყოს სიხარული, თითოეული ნაბიჯი უნდა იყოს ბედნიერება. თუ ვიქნებით გაბედული და მტკიცე, ჩვენ შევძლებთ ყველაფრის გაკეთებას. ჩვენ არ გვჭირდება მხოლოდ მომავალი. ჩვენ შეგვიძლია გავიღიმოთ და მოვისვენოთ. ყველაფერი, რაც გვინდა არის აქ და ახლა. ჩვენ თავად ვქმნით დღევანდელ დღეს.