არქეტიპების ცნება ფსიქოლოგიაში იუნგმა შემოიტანა და მათში ის ქვეცნობიერში ჩადებულ კაცობრიობის კოლექტიურ გამოცდილებას მოიაზრებდა. ქვეცნობიერი კი ის ადგილია, სადაც ჩვენი განდევნილი განცდები, უარყოფილი და აკრძალული სურვილები იყრიან თავს და ფარულად, ძლიერ ზეგავლენას ახდენენ ჩვენზე. ბნელი და ნათელი, ძლიერი და სუსტი, კეთილი და ბოროტი: სამყაროს ურთიერთდაპირისპირებული პოლარობები ჩვენში გამუდმებით ებრძვის ერთმანეთს და ჩვენც, უკანმოუხედავად გავრბივართ ხოლმე ყოველივე იმისგან, რასაც ფსიქოლოგები ჩრდილოვან ნაწილს უწოდებენ და რაც გვაიძულებს, საკუთარი თავის ის ვერსია მივიღოთ მხოლოდ,რაც აღზრდამ და კულტურამ დაგვიწესა, რამაც ჩარჩოში მოგვაქცია და დაგვაჯერა, რომ ნახევარი ადამიანები ვართ. ამიტომაც მომინდა ინანაზე მომეყოლა, რადგან ის ძლიერი არქეტიპია, ყველა დაწესებულ ლიმიტს ანგრევს და ჩვენს განდევნილ მეორე ნახევართან შესახვედრად ‘’ქვესკნელში’ ’სამოგზაუროდ მივყევართ.
ინანა შუმერული მითოლოგიის ქალღმერთია, რომელმაც შეიტყო, რომ ქვესკნელში მცხოვრებ მის დას, ერეშკიგალს, ქმარი გარდაეცვალა, ამიტომაც ინანამ ქვესკნელში ჩასვლა გადაწყვიტა და საყვარელ მეუღლესთან, დემუზთან, გამომშვიდობება მოუწია. როდესაც ინანა ქვესკნელის შესასვლელს მიადგა, მის ბოროტ დას, ერეშკიგალს ეს არ გახარებია,ამიტომ შვიდივე ჭიშკრის დაკეტვა ბრძანა. ინანა იძულებული იყო, თითოეული ჭიშკრის გასავლელად საკუთარი სამეფო სამოსის ნაწილი დაეტოვებინა. როცა ინანა ერეშკიგალის ტახტამდე მივიდე, იგი უკვე სრულიად შიშველი და უსუსური იყო. ერეშკიგალმა დაამარცხა საკუთარი და, გვამად აქცია და კაუჭზე ჩამოჰკიდა. პირობა კი ასეთი წაუყენა, რომ თუ მას ხელახლა სურდა სიცოცხლე და ზევით დაბრუნება, მსხვერპლად ამისათვის რაიმე ღირებული უნდა გაეღო. მიუხედავ იმისა, ინანას მისი ქმარი დემუზი უყვარდა, მან გაიგო, რომ დემუზი მის ხანგრძლივ გაუჩინარებას არ გლოვობდა. ამიტომ მისდამი სიყვარულის მიუხედავად, დემუზი ქვესკნელში გააგზავნა, თავად კი ბევრად უფრო ძლიერი დაბრუნდა უკან.
ინანას არქეტიპის ფსიქოლოგიური ანალიზი:
ყველა წარმატება ბილეთია, განსაცდელის უფრო რთულ ეტაპზე გადასასვლელადთქო, ვახსენებ ხოლმე ხშირად საკუთარ თავს და მჯერა, რადგან არაერთი შესანიშნავი გაკვეთილი ჩაუტარებია ცხოვრებას, ყოველი დაცემის შემდეგ კი ბევრად უფრო ძლიერი წამოვმდგარვარ ფეხზე. ინანაც თოთოეული ჩვენგანია, მაშინ როცა ცხოვრებას ჩიხში შევყავართ და შანსს გვაძლევს ამ ჩიხიდან არა მხოლოდ გამოსავალი მოვძებნოთ, არამედ რაღაც ახალიც ვისწავლოთ ხოლმე.
ერეშკიგალი სინამდვილეში თავად ინანაა, მისი ქვეცნობიერი, რომელიც გაუგებარი და შეუცნობელია,რადგან ის ქვესკნელში ცხოვრობს, მიტოვებული, ბრაზითა და წყენით აღსავსე. ინანას მრავალი ტანჯვის გადატანა უწევს მისი ‘’ნეგატიური’’, ჩრდილოვანი ნაწილის გასაცნობად, ყველა მიწიერი ფასეულობის დათმობა უკან დასაბრუნებლად და ღირებული მსხვერპლის გაღებაც, იმისათვის, რომ სულიერად გამთლიანდეს.ინანა ყველა ჩვენთაგანია, იმ ტკივილებით და განსაცდელებით, რომლებსაც თუ გავუძელით, თუ შევძელით და ტრანსფორმაცია განვიცადეთ, ჩვენი ცხოვრების, ახალ და უფრო სასურველ ეტაპზე გადავყევართ. დემუზი კი ის ადამიანებია, ვინც გვიყვარს, მაგრამ იძულებულნი ვართ დავთმოთ, რადგან ფსიქოლოგიურ ზრდაში ვერ გვეწევიან და უკან, ქვესკნელისკენ მიგვაქანებენ. დემუზი იმ მანვე ჩვევებისა და არაჯანსაღი მიჯაჭვულობების განსახიერებაცაა, რომელთა დათმობაც გვიჭირს ხოლმე, რადგან ტკივილის ატანა გვეძნელება.
ინანა როგორც ბიპოლარული არქეტიპი და ჯვარცმის მისტერია
ინანა ბიპოლარული არქეტიპია და როგორც ბიპოლარს კარგად მესმის მისი, რადგან წელიწადში 2-3 ჯერ მაინც მიწევს ხოლმე მისი გზის გავლა ყოველი ჰიპომანიის დასრულებისას, როდესაც დეპრესიის ფაზა მეწყება და ‘’სამოთხიდან,, პირდაპირ ქვესკნელში ვვარდები. ეს კი იმას გავს, მკვდარი იყო, მაგრამ საკმარისად ცოცხალი საიმისოდ, რომ ძალიან გეშინოდეს. მოთმინებით ვიტან ხოლმე გაუსაძლის სულიერ ტანჯვას, რადგან ვიცი, რომ ყოველთვის, უკანდაბრუნებული, ერთით მეტი ადამიანი ვარ, უამრავი გაცნობიერებით და არნახული ენერგიებით. თუმცა ისიც ხშირად მიფიქრია, არჩევანის საშუალება რომ მქონდეს,ალბათ უარს ვიტყვი ასეთ ტკივილზეთქო. მაგრამ ჩვენ ადამიანები ვართ, ცხოვრება კი არასოდესაა მუდმივად ია ვარდით მოფენილი და ინანას არქეტიპიც იმას გვასწავლის რომ: ადამიანურ შესაძლებლობებს არა აქვს ზღვარი, მაგრამ ყოველი ზრდა კომფორტის გარეთაა. ტკივილი კი ის ერთადერთი კუპიურაა, რაც ბედნიერების, წარმატებისა და სულიერი ზრდის საფასურად შეგვიძლია გადავიხადოთ. ქრისტესმიერი ჯვარცმის მისტერიაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ აიარო შენი გასავლელი გოლგოთა, ჯვართ ეცვა, მოკვდე და ხელახლა დაიბადო. ჩვენ მხოლოდ იმაში ვართ თავისუფლები, თავად გადაწყვიტოთ რა საფასურის გადაიხდა გვიღირს: ჯვარზე ვეცმებით და აღმოვაჩენთ ღვთიურ ძალებს საკუთარ თავში, თუ იუდა ისკარიოტელივით 30 ვერცხლად გავიყიდებით.
ინანას არქეტიპმა და ბიპოლარულმა აშლილობამ კიდევ ერთი რამ მასწავლა, რომ აუცილებელი სულაც არაა, ცხოვრება ასეთ რადიკალურ უკიდურესობებში გაატარო. იესო მარტო დარჩა, იმიტომ რომ ღმერთი იყო და იუდაც მარტო დარჩა ინანას ბოროტი დის, ერეშკიგალის მსგავსად, რადგან ადამიანებს არც ასეთი უკიდურესი სისუსტე ესმით და არც ღვთიური ძალის შესაძლებლობის სწამთ ბოლომდე. მეც წამლებზე დავჯექი, რადგან მარტო ვიყავი მაშინაც, როცა დეპრესია მეწყებოდა და ვერავის ვიტანდი, და მარტო ვიყავი ჰიპომანიაშიც, რადგან ვერავინ მეწეოდა ტემპებში და იმ ყოვლისშემძლე იდეებში, რომლებსაც ვიჯერებდი და ვანხორციელებდი, თუმცა საკუთარი თავისთვისაც აღარ მეცალა. და ახლა უკვე, როდესაც არაერთხელ ვიპოვე ღმერთი, ძალიან მინდა, ადამიანებიც ვიპოვო.