მჩაგვრელი სისტემა, საკუთრება და პანდემია

პროგრესის კონცეფცია კატასტროფის იდეას უნდა ეფუძნებოდეს. როდესაც ყველაფერი „სტატუს ქვოს“ უბრუნდება, ეს არის კატასტროფა“.
უოლტერ ბენჯამინი

2021 წლის იანვარში ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის მდივანმა ჯანეტ იელენმა თქვა, რომ მსოფლიო ოთხი ისტორიული კრიზისის წინაშე იდგა, რომელთაგან Covid-19 მხოლოდ ერთ-ერთი იყო. “პანდემიის გარდა, კაცობრიობა ასევე დგას კლიმატის კრიზისის, სისტემური რასიზმის კრიზისისა და ეკონომიკური კრიზისის წინაშე, რომელიც ორმოცდაათი წელია მზადდება“. იელენი შორს არის რადიკალურობისგან, მაგრამ მისი დიაგნოზი სწორი აღმოჩნდა. ჩვენ ვცხოვრობთ სისტემური და ურთიერთდაკავშირებული კრიზისის ეპოქაში, რომელიც მოითხოვს ჩვენი აზროვნებისგან, იყოს ისეთივე „რადიკალური, როგორიც თავად რეალობაა “.
ვაქცინის წინააღმდეგ მიმართულმა გლობალურმა აპარტეიდმა, რომელიც Global North-ის ვაქცინის ტექნოლოგიის არასაკუთრებით გაზიარებაზე უარს მოჰყვა, გამოიწვია ის, რომ 2021 წლის ბოლოს ევროკავშირში ზრდასრულთა 80 პროცენტი სრულად ვაქცინირებული იყო, ხოლო დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში მოსახლეობის მხოლოდ 9,5 პროცენტმა მიიღო ვაქცინის ერთჯერადი დოზა.

როდესაც 500 მილიონამდე ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში ჩავარდა და მსოფლიოს მოსახლეობის 99 პროცენტის შემოსავალი 2020 წლის მარტიდან 2021 წლის ოქტომბრამდე შემცირდა, მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანის ქონებამ 1,5 ტრილიონ დოლარს მიაღწია, ხოლო ყოველ 17 საათში ახალი მილიარდერი ჩნდებოდა. შემოსავლების მკვეთრი ვარდნის ფონზე პანდემიამ დიდი გადატვირთვა გამოიწვია: 2021 წლის ბოლოს აქტივების მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკური ელიტის მიერ მართული აქტივების ღირებულებამ 10 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც 1 ტრილიონი დოლარით მეტია წინა წელთან შედარებით. ამ მწვავე კრიზისის პერიოდში, კლიმატური და გარემოსდაცვითი საგანგებო სიტუაციები გასაოცარი ტემპით ვითარდებოდა: იშვიათი სიძლიერის ხანძრები მძვინვარებდა საბერძნეთსა და წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთში, ხოლო იაკობაბადში, პაკისტანში, ტემპერატურამ პირველად გადააჭარბა ადამიანისათვის სასიცოცხლო ზღვარს მეცნიერულ პროგნოზებზე მთელი ათწლეულით ადრე.

ყოველივე ზემოთაღნიშნული კი იმ გარკვეული სოციალური და ეკონომიკური წყობის ნაყოფია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მომწიფდა. კრიზისები, რომლებსაც დღეს ვაწყდებით, ერთმანეთს კვეთს და არათანაბრად იგრძნობა, მაგრამ თითოეულ მათგანს გასდევს მნიშვნელოვანი ძაფი: საკუთრების მაორგანიზებელი ძალა. ძალაუფლება მჭიდრო კავშირშია საკუთრების უფლების გადანაწილებასა და მის ბუნებასთან. ამგვარად, ის, თუ ვის საკუთრებას წარმოადგენს ჩვენი ეკონომიკა და ვის სასარგებლოდ ხორციელდება ეს ძალაუფლება, განსაზღვრავს ჩვენს საზოგადოებას და ჩვენს ცხოვრებას. ეს თითქოს ნათელიცაა: ბოლოს და ბოლოს საკუთრებასა და მის გადანაწილებას შორის დამოკიდებულება ყოველთვის მნიშვნელოვნად განსაზღვრავდა იმას, თუ როგორ იყო მოწყობილი და ვის ინტერესებს ემსახურებოდა ეკონომიკა.

არც ისე უპრეცედენტო დროება

საკუთრება არ არის სოციალური და ეკონომიკური შედეგების ერთადერთი განმსაზღვრელი, მაგრამ ეს არის ძაფი, რომელიც აკავშირებს ჩვენს წინაშე არსებულ უზარმაზარ გამოწვევებს და მათი დაძლევის მრავალ გზას, მათ შორის საკუთრების კონცეფციის გადახედვას და ტრანსფორმაციას.

საკუთრების მნიშვნელობა და მაორგანიზებელი ძალა აშკარად ჩანს მსოფლიოს მაღალი შემოსავლის მქონე ეკონომიკების დაპირებებში პანდემიის შემდეგ ერთგვარი „მწვანე აღდგენის“ შესახებ, ასევე, მათ კარგად გააზრებულ გეგმებში „აღადგინონ იმაზე უკეთ, ვიდრე ადრე იყო“. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მიანიშნებს ჩვენი საზოგადოებებისა და ეკონომიკების სტრუქტურული სისუსტეების აღიარებაზე, ეს გეგმები დღემდე არ გვთავაზობს გზებს იმ პრობლემების გადასაჭრელად, რამაც ისინი პირველ რიგში დაუცველი გახადა კრიზისის შედეგების წინაშე. უპრეცედენტო დროების გამოცხადება კი ეკონომიკურ ელიტას მხოლოდ იმისთვის აწყობთ, რომ იმავე გზით იარონ, რომლითაც ადრე დადიოდნენ.
„სტატუს ქვოს“ პოლიტიკისადმი ეს მუდმივი ერთგულება გამომდინარეობს იქიდან, რომ 2021 წლის ზაფხულის გადმოსახედიდან გლობალური ფინანსური ბაზრების მდგომარეობა არ არის ბოლო თვრამეტი თვის არეულობის მაჩვენებელი. ცენტრალური ბანკისა და ფისკალური ინტერვენციების მხარდაჭერით, საფონდო ბირჟის ბევრმა ინდექსმა 2020 წელი რეკორდული მაჩვენებლებით დახურა და მთლიანად გაემიჯნა იმ რყევებს, რომელიც ხალხმა გადაიტანა. შემდეგ, როდესაც აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავისი ინფრასტრუქტურული პაკეტი გამოაქვეყნა და გამოაცხადა თავისი განზრახვის შესახებ, რომ აშშ ელექტრომობილების მსოფლიო ლიდერად ექცია, ხოლო ბორის ჯონსონი დიდ ბრიტანეთში აკუმულატორების „გიგაქარხნების“ პერსპექტივაზე საუბრობდა, ფინანსურმა პრესამ ივარაუდა, რომ მსოფლიო შევიდა ახალ „სასაქონლო სუპერციკლში“, რომელიც მომდევნო წლებში მოთხოვნის ბუმის მომსწრე გახდება ყველაფერზე, ლითონებიდან დაწყებული სატყეო მეურნეობით დანთავრებული. ინვესტორები უყურებდნენ ევროპიდან, დიდი ბრიტანეთიდან და აშშ-დან შემოსული კატასტროფების რისკების შემცირების საშუალებათა (“Build Back Betters”) ფართო ასორტიმენტს, მაგრამ ხედავდნენ დოლარის ნიშნებს.

ამ ფისკალური სტიმულირების გეგმების საფუძველში, თუნდაც „მწვანეში“, იმალება ჩვენი ეკონომიკების ზედაპირული „გამწვანების“ ვალდებულება ნაცვლად იმისა, რომ შეიცვალოს მმართველობის ლოგიკა, ინსტიტუტები და ღრმა უთანასწორობა სიმდიდრესა და ძალაუფლებაში, რაც ქმნის პირობებს ეკოლოგიური განადგურებისთვის. შედეგი? ელექტრო მანქანების დაპირებულ ბუმს (EV) და ენერგიის მოხმარების მოსალოდნელ ზრდას შორის, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო პროგნოზირებს, რომ გლობალური მოთხოვნა ლითიუმზე (რომელიც აუცილებელია ბატარეებისა და ენერგოსისტემებისთვის) 2040 წლისთვის 40-ჯერ გაიზრდება. ბატარეებთან დაკავშირებული მომავალი და “მწვანე აღდგენის” დაპირებები სწრაფად ქრება. ატაკამას მარილ-ჭაობებში, რომლებიც ლითიუმის მთავარი წყაროა გლობალური ეკონომიკისთვის, რეკორდული გვალვის გამო წყლის ისედაც მწირი მარაგი ახლა კიდევ უფრო მეტად გადაინაცვლებს ადგილობრივი თემებიდან სამთო ინდუსტრიის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. პანდემიის დარტყმამდე დიდი ხნით ადრე, მულტინაციონალური კორპორაციებისთვის მინიჭებულმა უზარმაზარმა იურიდიულმა პრივილეგიებმა, რომლებიც დადგენილ იქნა სავაჭრო ხელშეკრულებებში და აღსრულდა სასამართლოების მიერ კერძო საწარმოების სასარგებლოდ, საშუალებას აძლევს მათ სამხრეთის მრავალი ტერიტორია კაპიტალისტური ცენტრების და ინტერესებისთვის მსხვერპლად შეწირულ ზონებად აქციონ.

ექსპროპრიაციის საფრთხე, რომელიც „მწვანე აღდგენის“ გეგმებს უდევს საფუძვლად, მხოლოდ ერთი მიმართულებაა, რომლის საშუალებითაც არსებულმა ქონებრივ ურთიერთობათა წინააღმდეგობამ გამოიწვია კრიზისი და უსამართლობა და ამას შემდგომი კრიზისების განვითარებასთან ერთად კვლავაც გააგრძელებს. ვაქცინებზე არათანაბარი ხელმისაწვდომობა ხაზს უსვამს დაძაბულობას საზოგადოებრივი ჯანდაცვის საჭიროებებსა და “დიდი ფარმას” (Big Pharma) პრიორიტეტებს შორის, რაც ქმნის ცრუ დეფიციტს საკუთრების ძალის გამოყენებით. უთანასწორობა საბინაო ბაზარზე და მის მიერ შექმნილი დაუცველობა მტკივნეულად აშუქებს უსამართლობას, რომ უსაფრთხო საცხოვრებელზე ხელმისაწვდომობა სულ უფრო მეტად არის განპირობებული საცხოვრებლის მფლობელობით და არა გარანტირებული სოციალური უფლებით.

გიგანტური აქტივების მართვის ფირმების გაჩენა უნივერსალური და კონცენტრირებული აქციებით უპირისპირდება ფუნდამენტურ იდეებს იმის შესახებ, თუ როგორ იმართება და როგორ უნდა იმართებოდეს კორპორაცია – გლობალური ეკონომიკის ძრავა. და იქნებ ყველაზე ფუნდამენტური წინააღმდეგობა არის სიმდიდრისა და კონტროლის უკიდურესი კონცენტრაცია, რაც საშუალებას აძლევს მოსახლეობის ნაწილს მოიხმაროს და დახარჯოს მსოფლიო რესურსების უმეტესი ნაწილი და მათ შორის საერთო ატმოსფერული აქტივი, მისი საერთო და საბოლოო უნარი გაუძლოს აღმავალი ნახშირბადის წონას.

მრავალი თვალსაზრისით თანამედროვე კაპიტალისტური სისტემა დაუნდობლად ეფექტურია, აკეთებს ზუსტად იმას, რისთვისაც არის შექმნილი: დაგროვება, მოხვეჭა, კონცენტრირება და გაფართოება მესაკუთრეთა სასარგებლოდ. მან დააგროვა დიდძალი სიმდიდრე, თუმცა სიღარიბე ამ უპრეცედენტო სიმდიდრის ფონზე თავის დამახასიათებელ ნიშნად აქცია. ახლა მის სტრუქტურაში ჩაშენებული კონცენტრაციის, მოხვეჭისა და ამოქაჩვის იგივე პროცესები იწყებს სოციალური და ეკოლოგიური სიმდიდრის იმ წყაროების ამოწურვას, რომლებსაც კაპიტალისტური ეკონომიკები ეყრდნობიან საკუთარი თავის რეპროდუცირებისთვის. მეოცე საუკუნის განმავლობაში სიმდიდრის უზარმაზარმა აფეთქებამ სერიოზული ზიანი მიაყენა ეკოსისტემებს, მდინარე კოლორადოს თითქმის დაშრობიდან დაწყებული ბრაზილიის მდინარე კატეტეს განადგურებამდე მძიმე მეტალების ჩადინების გამო, ხოლო მისი წარმოება სულ უფრო და უფრო აღარიბებდა, ჩაგრავდა და ექსპლუატაციას უწევდა თემებს დაწყებული სიუს Standing Rock რეზერვაციიდან და დამთავრებული ლესტერისა და ბანგლადეშის ტანსაცმლის მკერავებით. გარემოს ძარცვა, ვაქცინის ნაციონალიზმი, უზომოდ კონცენტრირებული ეკონომიკური ძალა – ეს ყველაფერი კარგად არის ცნობილი, როგორც ერთი და იგივე ფუნდამენტიდან წარმოშობილი პროდუქტები: მსოფლიოს წინააღმდეგ მიმართული ექსკლუზიური და იერარქიული საკუთრების კლანჭები. ჩვენი ეკონომიკური მოდელი დაფუძნებულია საკუთრების კონკრეტულ რეჟიმზე, სადაც კერძო კონტროლი დომინირებს. ბაზრის გარეთ საცხოვრებლად საჭირო რესურსებზე ხელმისაწვდომობის ჩამორთმევის გამო, მსოფლიოში ადამიანების უმეტესობა იძულებულია თავისი სამუშაო ძალა ხელფასზე მიჰყიდოს კაპიტალის მფლობელებს, რათა გადარჩნენ. ასეთი წყობა ასახავს კლასობრივ განხეთქილებას და დომინირებას სოციალურ ურთიერთობებში კაპიტალის მფლობელებს, მათ მმართველ მოკავშირეებსა და შედარებით უქონელ უმრავლესობას – ხელფასიანს თუ უხელფასოს შორის. სწორედ ეს განმსაზღვრელი როლი ეკონომიკის მუშაობის მოდელირებაში და ინტერესების მსახურებაში ნიშნავს, რომ ქონებისა და საკუთრების მოდელებმა დიდი გავლენა მოახდინეს პანდემიის განვითარებაზე, რამაც და ეს “დიდი გამთანაბრებელი” სრულიად არათანაბრად აქცია.

Covid-19 შეიძლება აქამდე უპრეცედენტო კრიზისი იყო ჩვენს ცხოვრებაში, მაგრამ ის ბოლო არ იქნება. ჩვენ ახლა ალბათ ვცხოვრობთ ყველაზე სტაბილურ გარემოში, მაშინ, როცა ეკოლოგიური კრიზისი ჩქარდება და მწვავდება. 1970 წლიდან მსოფლიოში გარეული ცხოველების ორ მესამედზე მეტი გაქრა. ამჟამად, ფერმერული წარმოების ფრინველი დედამიწაზე ფრინველთა მთელი პოპულაციის 70 პროცენტს შეადგენს. არქტიკაში მუდმივი ყინულის საფარი პროგნოზირებულზე 70 წლით ადრე იწყებს დნობას და ჰაერში გამოყოფს მეთანის პოტენციურად კატასტროფულ რაოდენობას, რომელიც კლიმატის დათბობას იწვევს. კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი პანელის შეფასების მეექვსე ანგარიშის დასკვნაში ჩანს, რომ მსოფლიო იქით მიდის, რომ 2030 წლისთვის დათბობა 1,5 გრადუს ცელსიუსს გადააჭარბებს, ეს არის ბარიერი, რომელიც, თუ არ შეიცვლება, მილიონობით ადამიანს დააყენებს გვალვის, შიმშილის, ზღვის დონის მომატების და ა.შ. საფრთხის წინაშე და 2100 წლისთვის ყოველწლიურად მოხდება კატასტროფები. ბევრისთვის, უმეტესად გლობალურ სამხრეთში, ეს კრიზისი უკვე დაწყებულია. ჩვენი პირადი მონაცემების შეგროვება და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მონოპოლიზაცია რეგულარულად წარმოშობს ახალ მილიარდერებს მიუხედავად ციფრული უთანასწორობის ზრდისა. მართალია, ფარმაცევტულ პროდუქციაზე პატენტების რაოდენობა დიდი სისწრაფით იზრდება, ტუბერკულოზი (განკურნებადი დაავადება, რომლისგანაც მთელ მსოფლიოში ღარიბი ფენა უფრო ზარალდება) მსოფლიოში ყველაზე უფრო ლეტალურ ინფექციურ დაავადებად ითვლება. იმავდროულად, ახალი ანტიბიოტიკების შემუშავების კონკურენტული წამგებიანობა ნიშნავს, რომ სიცოცხლის გადამრჩენი წამალი რჩება გამოუყენებელი, მიუხედავად რეზისტენტობის ზრდისა, რამაც შეიძლება რუტინული ქირურგია და ქიმიოთერაპია გამოუსადეგარი გახადოს.

ამ კონტექსტში, რიტორიკული ვალდებულება ავაშენოთ უფრო თანასწორი, სამართლიანი და ეკოლოგიურად მდგრადი ეკონომიკა ქონებრივი ურთიერთობების მუდმივი ტრანსფორმაციის გარეშე აზრს კარგავს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ გარკვეული პროგრესული რეფორმები და ეკონომიკური სტაგნაციისგან თავის დაღწევის მცდელობები, არ არის სწორი მიმართულებით გადადგმული მისასალმებელი ნაბიჯები. თუმცა ყოველივე აზრს კარგავს ფუნდამენტური კითხვების დაყენების გარეშე: რა უნდა იყოს ჩვენი ეკონომიკის პრიორიტეტი? როგორ დავრწმუნდეთ, რომ დემოკრატიული ძალა განსაზღვრავს ეკონომიკური განვითარების ტრაექტორიას? როგორ შეგვიძლია საზოგადოების ორგანიზება საჭიროებების დაკმაყოფილების ირგვლივ, არათანაბარი კერძო სიმდიდრის დაგროვებისა და ექსკლუზიური გაფართოების ნაცვლად? როგორ შევაჩეროთ ოლიგარქები, რათა გადარჩეს დედამიწა?