გააღვიძე შენში ლილიტის არქეტიპი

ლილიტი მითოლოგიური ქალღმერთია, ბნელეთის  მაცდუნებელი დედოფალი. ფსიქოლოგიაში მისი არქეტიპი სექსუალურობასა და ქალის ველურ, თავისუფალ ბუნებას განასახიერებს.ლილიტი   არა მხოლოდ ებრაულ, შუმერულ და არაბულ მითოლოგიაში გვხვდება, არამედ ძველ აღთქმაშიც  არის მოხსენიებული.გადმოცემის თანახმად იგი ადამის პირველი ცოლი იყო, რომელიც მის  მსგავსად მიწისაგან შეიქმნა. მაგრამ ლილიტმა ვერ აიტანა ადამის დომინირება, მიატოვა იგი და წითელ ზღვაზე დასახლდა დემონებთან ერთად. მას ყოველდღიურად  ასობით   დემონთან ჰქონდა ურთიერთობა და მათთან პოლიგამიური, აღვირახსნილი სექსუალური კავშირებით  იყო დაკავებული.  ღმერთმა ლილიტთან სამი ანგელოზი გააგზავნა თხოვნით, რომ  ადამთან დაბრუნებულიყო და დამორჩილებოდა მას, წინააღმდეგ შემთხვევაში  მკაცრად დაისჯებოდა იმით, რომ  რამდენი შვილიც არ უნდა გაეჩინა, მოუწევდა საკუთარი ხელით დაეხოცა  ისინი. ლილიტი  სასჯელმაც ვერ შეაშინა,  არ დათმო თავისუფლება და უკან არასოდეს დაბრუნებულა.  ღმერთი იძულებული გახდა   ადამის ნეკნიდან შეექმნა თვინიერი და მორჩილი ცოლი ევას სახით.  მაგრამ ადამს   ხშირად ესიზმრებოდა ლილიტი და  ყოველთვის ოცნებობდა მის დაბრუნებაზე.

ლილიტის ფსიქოლოგიური ანალიზი

ლილიტი ერთ ერთი არასწორად  გაგებული არქეტიპია, როგორც ბოროტი ქალი, რომელიც საკუთარ შვილებსაც კი  ხოცავდა. მას  ეშმაკისა და დემონების დედოფალს  უწოდებდნენ   და  ყველანაირ საშინელებაში ადანაშაულებდნენ. ლილიტის მითიური სიბოროტე, საუკეთესო    მაგალითია იმისა, თუ როგორ ახდენს სინამდვილეში  პატრიარქალური საზოგადოება თავისუფლების დათრგუნვა-დემონიზებას ქალში. ლილიტი  არ არის ბოროტი, ის პატრიარქატის მსხვერპლია, რომლისგანაც   მორჩილებას, თანასწორობის უარყოფას და საკუთარ ქალურ  საწყისზე უარის თქმას  მოითხოვდნენ. ლილიტი ველური და სექსუალურია, მიჯაჭვულობებისგან თავისუფალი და საოცრად  უშიშარი. ლილიტზე  ოცნებობენ,  მისი კი   ეშინიათ, რადგან ვერ დაიმორჩილებენ.

ლილიტის არქეტიპის ანალოგი მამაკაცებში ბერძნული მითოლოგიის ღმერთები, დიონისე და აპოლონია. დიონისე როგორც თრობისა და თავისუფლების სიმბოლო, აპოლონი  კი ლოგიკისა და რაციონალურობის ღმერთი, ევასავით, რომელიც შვილებსა და ოჯახს  გონივრული მოსაზრებების გამო ვერ დატოვებდა. ლილიტი კი  მზადაა უყოყმანოდ მიატოვოს ყველა საკუთარი თავის გარდა და უკან აღარასოდეს დაბრუნდეს. ლილიტი  გულს სტკენს სხვებს და შურისძიებისათვის განაწყობს, მაგრამ  აჯანსაღებს კიდეც, რადგან უზარმაზარ სივრცეს ტოვებს იმისათვის, რომ იპოვნონ დაკარგული ფემინური, დიონისეული საწყისი  საკუთარ თავში კაცებმა.

ლილიტი ევას   ჩრდილოვანი,  რეპრესირებული ნაწილია. ყველა ქალი, რომელიც ემორჩილება საზოგადოებაში დაწესებულ ტაბუებს, უარს ამბობს საკუთარ სურვილებზე, სექსუალობაზე და თავისუფლებაზე,   კარგავს ლილიტს, ამით  კი  ბედნიერებასაც კარგავს . იგივე ემართებათ  იმ  კაცებს,   ვისაც ასწავლეს, რომ ემოციები ნაკლებად უნდა გამოავლინონ, უფლება არ აქვთ იყვნენ სუსტები    და   მხოლოდ  ‘’სუსტი სქესის’’ სამართავად ან  მათ ნაცვლად  აზროვნებისათვის მოევლინენ დედამიწას. ბუნებრივია ლილიტი მათთვის საოცნებო ქალია, როგორც განსხეულება იმისა, რაც საკუთარ თავში დაკარგეს.  სახლში კი ხშირად ევა მოყავთ, ის ევა, რომელიც ბოლომდე ვერასოდეს გააბედნიერებთ.

გამთლიანება – იპოვნე შენი დაკარგული ნაწილი

ქალებს, ისევე როგორც მამაკაცებს, უჭირთ ინის და იანის, ფემინურის და მასკულინურის, ემოციისა და ლოგიკის  გამთლიანება საკუთარ თავში. მეც მიჭირდა, იმიტომ რომ მთელი  პატრიარქალური სამყარო მებრძოდა ერთ დროს,  საკუთარი ოჯახიდან დაწყებული და მაჯერებდნენ, რომ ბოროტი ლილიტი ვიყავი. მიუხედავად იმისა, ბრძოლა არ შემიწყვეტია , ჩემში უფრო ანტიპროგრამა ჩაირთო და თავად გავხდი შემდეგ დომინანტი, თუმცა სული ზუსტად ისე მეხუთებოდა, როგორც მაშინ, როცა ლილიტის მსგავსად მჩაგრავდნენ და ათასნაირ სასჯელს მიწესებდნენ, იმისათვის, რომ საკუთარი თავი დამევიწყებინა. შემდეგ გამთლიანების გზას დავადექი, ბალანსის წერტილი ვიპოვნე და ეს ბლოგიც მათთვის დავწერე ვისაც უფრო მეტი სურს  გაიგოს საკუთარი თავის დაკარგული ნაწილების შესახებ.