სად ვმთავრდები მე და სად იწყება სხვა – ჯანსაღი საზღვრები

‘’კარგი მესერი კარგი მეზობლობის საწინდარია’’

ამ სამყაროში ყველაფერს  საზღვარი აქვს: ვარსკვლავებსა თუ პლანეტებს, სახელმწიფოებსა და ქალაქებს, ამებასა თუ ადამიანს. საზღვრის მდგომარეობა მნიშვნელოვანწილად განაპირობებს საზღვრის შიგნით არსებულის   მდგომარეობას. თუ საზღვარი რიგიდული და შეუვალია, კვება, სუნთქვა და  ნარჩენი ნივთიერებების გამოყოფა პრობლემური  იქნება ორგანიზმისთვის, ხოლო ზედმეტად ღია და დაცხაურებული  საზღვარი შეუძლებელს გახდის  სამყაროდან მის გამოყოფასა და იდენტიფიკაციას.

ძაღლები მაშინ მოდიან ჩვენთან, როცა ვეძახით; თუმცა ადამიანები ასე არ იქცევიან. საზღვრების დარღვევა სერიოზული საკითხია, მათ დაცვას კი გამუდმებით ესაჭიროება ჩვენი ყურადღება. ისევე  როგორც ნებისმიერი მესერი, საზღვარი გამუდმებით უნდა განიცდიდეს შეკეთებას, რადგან ზოგიერთი ადამიანი მხვიარა მცენარესავით, შეუპოვრად ცდილობს შემოჭრასა და  შემოხვევას. პიროვნული საზღვრები მრავალნაირია: ზოგი რიგიდული და შეუვალი რკინა-ბეტონის კედელივით, ზოგიც რეზინასავით დრეკადი, ზოგი საზღვარი გამჭირვალეა, ზოგიც გაუმჭირვალე.

 

ფიზიკური და ემოციური საზღვარი

ძირითადი საზღვარები რაც ადამიანებს გაგვაჩნია არის ფიზიკური და ემოციური საზღვრები. ჩვენი ფიზიკური საზღვარი ჩვენი კანია, ემოციური საზღვარი კი დამოკიდებულია ჩვენს გარშემო მყოფ ადამიანებზე  და იმ ახლო თუ ნაკლებად ახლო ურთიერთობებზე, რაც მათთან გაგვაჩნია. ჩვენ ვადგენთ ფიზიკურ საზღვრებს იმის მიხედვით, თუ რამდენად ახლოს გვინდა ადამიანთან დავჯდეთ, რა უნდა იყოს დისტანცია მასსა და ჩვენს შორის, ვინ უნდა შეგვეხოს, სად უნდა შეგვეხოს და  ვინ არ უნდა შეგვეხოს საერთოდ.ჩვენ  ვართ ჩვენი სხეულის ერთადერთი დამცველები და თავად ვადგენთ როგორ მოვექცეთ მას: რამდენი ვჭამოთ,  რა ვჭამოთ, რამდენი მოვიმატოთ  თუ დავიკლოთ, რამდენი ვივარჯიშოთ და  დავისვენოთ.და თუ არ გვინდა ვინმე შეგვეხოს, გვაკოცოს ან მოგვეხვიოს, ვალდებული არ ვართ ეს ავიტანოთ.

ემოციური საზღვრების განვითარება და პიროვნული განვითარება ურთიერთდამოკიდებული და ურთიერთგანმსასზღვრელია. სუსტი ემოციური საზღვარი იგივეა რაც სუსტი თვითშეფასება, ჯანსაღი თვითშეფასება კი ჯანსაღ ემოციურ საზღვრებზე მიუთითებს. საზღვარი თვითშეფასების გარეშე იგივეა რაც ჩაჩუტული ბურთი, ხოლო თვითშეფასება საზღვრის გარეშე ჰაერია უბურთოდ,  უფორმო და დიფუზური.  ემოციური საზღვრის სიძლიერის მანიშნებელია  არას თქმის უნარი ყოველგვარი  დისკომფორტის გარეშე, ასევე თავისუფლება საიმისოდ რომ განაცხადო თანხმობა უხერხულობის გარეშე.

სარკაზმი, დაცინვა, აგრესია, მწარე კომენტარები, უპირობო მორჩილების მოთხოვნა, განსჯა, ჭორაობა, მუქარა, განსხვავებულის მიუღებლობა,  ეს ის ქმედებებია, რაც სხვა ადამიანების ემოციურ საზღვრებს არღვევს, თუმცა მსგავსი ქმედებები  პირველრიგში მოძალადის დარღვეულ საზღვრებზე, მის ტრამვირებულ ბავშვობასა და ზრდასრულობაზე  მეტყველებს და არაფერია გააჩნია საერთო იმასთან, თუ ვინ ვართ ჩვენ.

 

ნუ იქნები ის, ვინც სინამდვილეში არ ხარ

საზღვრებისა და მათი დაცვის  პრობლემა კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება მრავალი ჩვენთაგანისათვის და ეს  განპირობებულია არამხოლოდ აღზრდის ხარვეზებით, არამედ იმ კულტურულ სოციალური თავისებურებებით, რაც ჩვენი ქვეყნისათვის არის დამახასიათებელი. ვერ დაიცვა საკუთარი საზღვრები ნიშნავს იმას, რომ ზურგი აქციო საკუთარ თავს და უარი თქვა მასზე.   ქვემოთ ჩამოთვლილი მაგალითები კი მცირე ნაწილია იმისა, რაც საკუთარი საზღვრების დაცვის უუნარობაზე მეტყველებს:

  • ეთანხმები გამოთქმულ აზრს, როცა სინამდვილეში არ ეთანხმები ( ‘’მომწონს ეს ფერი’’ ; სინამდვილეში კი ვერ იტან ამ ფერს)
  • მალავ შენს ნამდვილ გრძნობებს ‘’ არ მწყენია’’ ( სინამდვილეში გეწყინა)
  • მიდიხარ იქ მეგობრებთან ერთად, სადაც სინამდვილეში წასვლა არ გინდა ( მაგალითად კინოში, როცა თეატრი გირჩევნია)
  • უარს ამბობ შემოთავაზებაზე: ‘’ იყოს არ მინდა თქვენ გამოიყენეთ’’ ( ამ დროს სინამდვილეში გჭირდება)
  • იგნორს უკეთებ შენს პირად საჭიროებებს სხვის სასარგებლოდ
  • არ ისვენებ როდესაც დაღლილი ხარ
  • გიჭირს კონფრონტაცია როდესაც განსხვავებული მოსაზრება გაქვს
  • ძალიან ბევრი ან ძალიან ცოტა დროის ქონა მარტოობისათვის
  • არასაკმარისი კონტაქტი იმ ადამიანებთან ვინც მართლა ღელავს შენზე
  • დამოკიდებულება ნივთიერებებზე: ალკოჰოლი, ნარკოტიკი, მედიკამენტები
  • დამოკიდებულება სექსზე, შოფინგზე, ვარჯიშზე, კაზინოზე, ჭამაზე, შიმშილზე

 

არაჯანსაღი საზღვრების განმაპირობებელი მიზეზები

ჯანსაღი საზღვრების ჩამოყალიბებას სწორედ მშობლები უდებენ სათავეს. საზღვრის დარღვევას კი  ორი ძირითადი გამოვლინება აქვს: ფიზიკური ხელყოფა  და დისტანცია.მშობელსა და შვილს შორის არსებული დიდი დისტანცია ( არასაკმარისი ყურადღება მშობლის მიერ, გამუდმებით საქმეში ჩართული მშობელი, მშობელი რომელიც სასკოლო ღონისძიებებს არ ესწრება, არ მონაწილეობს და არ აღნიშნავს შვილის წარმატებებს) ისევე როგორც არარსებული დისტანცია მშობლის მიერ შვილის უპირობო მორჩილების სახით, სერიოზულ პრობლემებს ქმნის მოზარდში.  სიახლოვე და ზრუნვა არ უნდა აგვერიოს დომინირებაში, ყურადღებიანი მშობელი კი არ უნდა ცდილობდეს გავლენა მოახდინოს საკუთარი შვილის გრძნობებზე, აზრებზე და გადაწყვეტილებებზე. იქ სადაც ჩნდება მოლოდინი, რომ შვილი, მეუღლე, საყვარელი ადამიანი თუ მეგობარი ჩვენი იდენტური უნდა იყოს, იქვე იწყება პრობლემები. ჯანსაღი საზღვრები სწორედ ჩვენსა და სხვების განსხვავებულობასა და ინდივიდუალურობას ითვალისწინებს. როგორც ინგლისურ გამოთქმაშია: ‘’Bonded but not in Bondage,, (ურთიერთობაში და არა მონობაში).