სამყარო, რომელშიც მრავალი ფერია

დღეს ჩემი ფსიქოთერაპევტების ჯგუფზე მომინდა მომეყოლა, რადგან ფეისბუქისათვის განკუთვნილი დროის უდიდეს ნაწილს საერთო ჩათში ვატარებთ, იქ თავს უსაფრთხოდ ვგრძნობთ და საოცრად განსხვავებული ხასიათების მიუხედავად, შესანიშნავად  ვიცით ერთმანეთის გატანა და გაგება. გუშინ  ისიც კი ვთქვით ხუმრობით, რომ მალე ყველას მოგვიწევდა ოჯახებიდან წამოსვლა და ერთ დიდ საერთი სახლში გადასვლა , რომ ბარემ  ერთ ოჯახად გვეცხოვრა.იდეა ყველამ აიტაცა და შემდეგ უკვე იმაზე დავიწყეთ ფიქრი, ვინ რა როლს შეითავსებდა და როგორ გამოვიყენებდით თითოეულის განსხვავებულობას  ისე, რომ ყველას კომფორტულად ეგრძნო თავი   ერთ სივრცეში.

ჰიპერაქტიულობის სინდრომის მქონე, სახლთუხუცესად დავნიშნეთ, თუმცა იმ პირობით, რომ დამატებით,  დღეში ორ-სამ საათს ივარჯიშებდა. ნარცისებს ყველაზე მეტი საქმე ჩავაბარეთ და დავპირდით, რომ მათი გაკეთებული საქმეების სანაცვლოდ, ქება დიდებასა  და აღფრთოვანებას  არ მოვაკლებდით. ბორდერლაინებს პეპლებითა და გულებით გაფორმებული სამზარეულო ხვდათ წილად. თავიდან ცოტა კი წაიწუწუნეს, უბრალო მზარეულობა რა არის, ჩვენ მეტიც შეგვეძლოვო, ამიტომ   ითხოვეს, რომ მზარეულობის პარალელურად,  ხანდახან პოეზიის საღამოსაც  მოაწყობდნენ  და ლექსებს წაგვიკითხავდნენ თემაზე, თუ რა ჰაეროვნად   ბრუნავს დედამიწა სიყვარულის გარშემო. ჩვენც რასაკვირველია სიხარულით დავეთანხმეთ და ვინაიდან ამ შესანიშნავ იდეას ჩათში წინასწარი ტაშით ვერ დავაჯილდოვებდით, გულებით ავავსეთ იქაურობა. მორიგი საფიქრალი ჩვენი შიზოიდი თანაკურსელი გახდა, მაგრამ მისთვის ოთახი სახლის ყველაზე მიყრუებულ ნაწილში გამოვყავით და ყველამ ერთხმად აღვუთქვით, რომ ხმაურით არ შევაწუხებდით და სახლში ბუზის გაფრენის ხმას გაიგონებდა. მაგრამ ეს ყველაფერი როგორ შეგვეთავსებინა ისტერიულებთან, მორიგ საფიქრალად გადაიქცა. ამიტომ მათთვის საკონცერტო ოთახის მოწყობა გადავწყვიტეთ, სადაც ისინი წარმოდგენებს გამართავდნენ და ოჯახში ხელოვნებისა და შემოქმედებითობის დანაკლისს შეგვივსებდნენ. ამ დროს მეც ჩავერთე და ვითხოვე, რომ ჩემთვისაც   დაეთმოთ  ერთხელ მაინც სცენა, რადგან მინდოდა სხეულით მეჩვენებინა ბალანსის ნულოვანი წერტილი, ოვერბალანსში გასულს კი  მეგრძნობინებინა, რომ ცხოვრებას შეგიძლია უბრალოდ ენდო და  იმის დემონსტრაციაც მომეხდინა,  რომ  ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადასვლა ტექნიკურად,  მხოლოდ ნულოვანი წერტილის გავლის შემდეგ იყო შესაძლებელი. ასევე დავპირდი რომ ცეკვითვე ვაჩვენებდი იმას, თუ რა მნიშვნელოვანია ურთიერთდაპირისპირებული ძალების გამოყენება  კონტრასტის შესაქმნელად და ისიც დავწერე, რომ  სისწრაფე მხოლოდ მაშინ იყო შესაძლებელი, თუკი  შეგეძლო დგომა. დგომა მოსაწყენი საყურებელი იქნებაო მითხრეს, მაგრამ ის ის იყო “მოსაწყენი” მომენტების სხეულის მოქნილობით  შევსებასა და  ენერგიის უწყვეტობაზე დავაპირე საუბარი, მივხვდი, რომ ჩემში ნარცისიზმმა იმძლავრა, საჭიროზე მეტი საუბრის დრო დავიკავე, ამიტომ, დროზე უნდა გავჩუმებულიყავი და დამოკიდებულებისთვისაც მიგვეხედა.თუმცა მათ უკვე დაეწერათ, რომ ჩვენი იმედი ჰქონდათ და იცოდნენ რომ არ მოაკლდებოდათ თანადგომა.

ჩვენში ყველაზე ჯანსაღებს  ეკოლოგიაზე ზრუნვა და ჩვენი  მეთვალყურეობა დაევალათ. აბი გლუკოზა თუ ლუმინალი, დაიწყო მსჯელობა იმ შემთხვევებისათვის, როცა  გაგვიჭირდებოდა. მაგრამ ფსიქოლოგია დიაგნოზებს არ სცნობსო, იყვირა ერთ-ერთმა და მეორემ სასწრაფოდ გადაწყვიტა, რომ ლუმინალს სახელს შეუცვლიდა და   ნაცვლად  მას სიყვარულს დააწერდა ზემოდან.  აბებს  კი, რეცეპტისა  და შეზღუდვების  გარეშე დაარიგებდა   იმ  დოზებით, ვისაც რამდენი დასჭირდებოდა. გამოდის მინი ფსიქიატრიული ვიქნებითო , თქვა ერთმა და ერთგვარი  სევდიანი  სიჩუმე ჩამოწვა, რადგან  ყველამ კარგად იცოდა ნამდვილი ფსიქიატრიული ის გარე  რეალობა იყო, სადაც სინამდვილეში გვიწევდა ცხოვრება. სევდა მალე   ჩაანაცვლა სიხარულმა და იმის შეგრძნებამ, რომ ბალანსის წერტილი ნაპოვნი გვქონდა და  განსხვავებულის  მიღებაც აღარ  წარმოადგენდა ქაღალდზე დაწერილ ცარიელ სიტყვებს, არამედ ის განცდაში გვქონდა . მე კი, მადლიერების გრძნობით აღსავსემ ბლოგის დაწერა გადავწყვიტე ამ საოცარ, ფერად ადამიანებზე და იმ ჯგუფისათვის, სადაც უხვადაა ჟანგბადი.  თუმცა იმაზეც  ვფიქრობდი,  რა უნდა მეთქვა ან მქონდა თუ არა საერთოდ  სათქმელი მათთვის, ვისთვისაც   სამყარო  ჯერ კიდევ   შავი და თეთრია.

 

შავ თეთრი სამყაროს ტყვეობაში

“ცივილიზებული ადამიანი იზოლაციის  საფრთხის წინაშეა, ჩვენ არ ვართ ნიჟარის ქვეშ შეყუჟული ლოკოკინები,  ერთმანეთის გაგება და მიღება გვჭირდება, ეს კი თავისთავში საკუთარი თავის  მიღებასაც გულისხმობსო” – წერდა იუნგი. იგი  სიბრალულითა და თანაგრძნობით  უდგებოდა  თავის თავისაგან   გაუცხოებულ  ადამიანებს, მათ “ყოვლისმცოდნეობას” დაავადებად მოიხსენიებდა და ამბობდა: მე ვხედავ  გარედან თანამედროვე ადამიანის ჯოჯოხეთურ ტანჯვას, დასტურად იმისა, თუ რაოდენ აკლიათ ინტროსპექციაო. და მიუხედავად იმისა,რომ  მის ირგვლივაც იქნებოდნენ  ფერადოვანი ადამიანები, იგი პოსტ ფაშისტურ გერმანიას  იხსენებდა და კოლექტიური დანაშაულის შეგრძნებაზე ლაპარაკობდა იმის დასტურად, თუ რაოდენ ცუდად მოქმედებს ეს ყველა ჩვენთაგანზე . მე კი არ ვიცი რა ვუთხრა, ან როგორ ვუთხრა რამე იმ  შეშინებულ  სამყაროს, რომელმაც ადამიანები ქვანტურ ნაწილებად დაგვშალა, ერთმანეთისგან გაგვაუცხოვა და  ყველას მიგვიჩინა ადგილი უკიდურეს პოლარობებში სიტყვების ტირანიით: მტყუანი და მართალი, კეთილი და ბოროტი, ჩლუნგი და ყოვლისმცოდნე, ჯანსაღი და ავადმყოფი, ნაცი და ქოცი….თვითდესტრუქციის  უამრავი მსხვერპლი, დაკარგული განცდა ერთიანობისა, მოსაწყენი შავ თეთრი სამყარო….და ახლა, როდესაც ეპიდემიის გამო ფიზიკურად გარეთ ვერ გავდივართ, ვხვდები, რომ  უკვე  დიდი ხანია იზოლირებულნი ვართ ადამიანები ერთმანეთისაგან.. მეც სიამოვნებით ვიძირები იზოლაციის ფსკერზე  და ვაცნობიერებ იმას, თუ რაოდენ ძნელი გახდა დარჩე აუთენტური და ღირებული კონტაქტი დაამყარო ადამიანებთან.

 

დიდი სიყვარულით ჩემს ჯგუფს 🙂