სიყვარული თუ არაჯანსაღი მიჯაჭვულობა
მეჩვიდმეტე საუკუნის ცნობილი ფილოსოფოსი, ბარუხ სპინოზა ამბობდა რომ: ‘’ყველა ბედნიერება თუ უბედურება სრულად არის დამოკიდებული იმ სუბიექტის ღირსებებსა და სხვა ადამიანურ მახასიათებლებზე, ვისზეც სიყვარულით ვართ მიჯაჭვულები’’. ამიტომ არაფერია იმაზე გონივრული, ყურადღებით დავაკვირდეთ მას, ვისთან ურთიერთობასაც ვიწყებთ, რადგან იმაზე მეტ რამეს ვდებთ რისკზე, ვიდრე წარმოგვიდგენია. ზრდასრულ ადამიანებს აღარ გვესაჭიროება სათამაშოები, მაგრამ სრული ენთუზიაზმით ვიწყებთ ცხოვრებას და ახალი სიტუაციებისა და გამოწვევების გამკლავებას. ვოცნებობთ კარიერულ მიღწევებზე, ინსპირაციას ვიღებთ საყვარელი საქმიანობებისგან, თანაგრძნობითა და ზრუნვით ვეკიდებით მეგობრებს, შვილებს, რომანტიულ პარტნიორებს, თამამად ვიღებთ ცხოვრებისეულ რისკებს და ვახდენთ ჩვენი ოცნებების რეალიზაციას. მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როცა უსაფრთხოდ ვგრძნობთ თავს იმ ბავშვებივით, ვისაც სჯერა ,რომ დედა საიმედო საყრდენია. მაგრამ რა ხდება მაშინ, თუ გვაკლია უსაფრთხო გარემო? თუ ჩვენს საყვარელ ადამიანს ჩვენი არ სჯერა? თუ ის მოძალადე მშობელივით გვექცევა, ემოციურად მიუწვდომელია და ჩვენც ვიწყებთ იმის დაჯერებას რომ რაღაც ნაკლი გვაქვს და არასოდეს არ ვართ საკმარისნი? რასაკვირველია ვკარგავთ თვითშეფასებას, მთელი ენერგია შინაგან ომს ხმარდება და ჰაერში გამოკიდებულებივით მიწას ვეღარ ვგრძნობთ ფეხქვეშ საყრდენად.
ნამდვილი სიყვარულის ძალა
ყველა იმ მისტერიას შორის რომელიც გვიხბლავს, ადამიანური სიყვარული ყველაზე ძლიერია. გერმანელი ფსიქოანალიტიკოსის, ერიხ ფრომის მიხედვით: “ნებისმიერი სიყვარული მარცხს განიცდის იქ, სადაც ადამიანი აქტიურად არ ცდილობს განავითაროს ინდივიდუალური შესაძლებლობები და არ გააჩნია მუდმივი სწრაფვა პიროვნული ზრდისკენ. ფრომი თვლიდა, რომ უმოქმედო სიყვარული სიყვარული არ არის და ის ყოველთვის ექვივალენტურია იმ პასუხისმგებლობის გრძნობისა, რისი აღებაც საკუთარ თავებზე შეგვიძლია და ‘’ რამდენადაც თავი გიყვარს, სხვისი სიყვარულიც ზუსტად იმ დოზითვე შეგიძლიაო.” წერდა იგი.
და მაინც, რა არის ნამდვილი სიყვარული? რატომ ისწრაფვის ყველა ადამიანი მისკენ, მაგრამ სანაცვლოდ პოულობს დისფუნქციას და ეჯაჭვება ისეთ ცხოვრებას, რომელიც მოკლებულია სულიერ ბალანსს, ჰარმონიას და სტაგნაციაში ატარებს დარჩენილ ცხოვრებას.
რა არის არაჯანსაღი მიჯაჭვულობა
ფსიქოლოგიური განმარტების მიხედვით, მიჯაჭვულობა იმ ადამიანთა არასტაბილურ მდგომარეობაში ყოფნაა, რომლებიც იძულებულნი არიან ნებისმიერი ცხოვრებისეული არჩევანი გამუდმებით მიჯაჭვულობის ობიექტის სასარგებლოდ გააკეთონ. კლინიკოსები თვლიან, რომ ნებისმიერი მიჯაჭვულობა სამი ძირითადი თვისებით ხასიათდება: 1. მიჯაჭვულობის ობიექტი ხდება მთავარი საზრუნავი და ეს ზოგჯერ აკვიატების დონეს აღწევს; 2. შეგრძნება იმისა, რომ კონტროლი საკუთარ ფიქრებზე, ქცევებზე და გადაწყვეტილებებზე ნაკლებად გაგაჩნია; 3.ზემოთაღნიშნული ორი ფაქტორის დროში ხანგრძლივად მიმდინარეობა, მიუხედავად იმ დამანგრეველი ფსიქოლოგიური თუ ფიზიოლოგიური შედეგებისა, რაც მიჯაჭვულობაში მყოფი ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში ადრე თუ გვიან აუცილებლად დგება.
ფსიქიატრიაში, ისევე როგორც ნეირობიოლოგიაში უამრავი კვლევა არსებობს, რომელთა თანახმადაც, ნებისმიერ მიჯაჭვულობას,( თამბაქო, ნარკოტიკი, ლუდომანია აშ) მათ შორის სასიყვარულოს, ერთიდაიგივე ნეიროქიმიური პროცესები უდევს საფუძვლად.სიყვარულზე მიჯაჭვულობის პარადოქსი კი იმაში მდგომარეობს, რომ ეს არა სიყვარული, არამედ მცდელობა და ერთგვარი ილუზია, რამენაირად კონტროლს დაუმორჩილო შენი თავი შენსავე თავს, სხვისი წყალობით და გარე დახმარებით. და აი ამგვარად, ნაცვლად იმისა, ჯერ ჩვენში აღმოვაჩინოთ სიყვარული და ვიპოვნოთ ძალა საკუთარ შიშებთან გამკლავებისა, რაც გაგვაჩნია იმასაც იმათ ვაძლევთ , ვისი იმედიც გვაქვს და ვისაც უამრავ ილუზორულ მოლოდინებს ვაკისრებთ მხრებზე იმისათვის, რომ მათ გაგვაძლიერონ, მათ მიხედონ ჩვენს საჭიროებებს, მათ გაამართლონ ჩვენი მოლოდინები და ისინივე დაუპირისპირდნენ ჩვენს შიშებსა და განვითარებაში არსებულ ხარვეზებს. ფსიქოლოგიურ ენაზე კი ეს ასე ჟღერს რომ, ჩვენ ვზრუნავთ სხვებზე ჩვენი აუთენტური ემოციების რეპრესირების ხარჯზე, ან ვცდილობთ გავაკონტროლოთ ისინი რათა უკეთ მოემსახურონ ჩვენს საჭიროებებს მათი აუთენტური ემოციების დათრგუნვის სანაცვლოდ და მიუხედავად იმისა, რანაირადაც არ უნდა გადავათამაშოთ ეს სცენარი შედეგი მაინც ერთია: ჩვენ ველით ჩვენი რომანტიული პარტნიორებისგან იმას, რომ მათ მოახდინონ ჩვენი ფიქსაცია, ჩვენი ხელახალი აღზრდა, ჩვენი ტკივილებისა და დისკომფორტების შემცირება და თუ ისინი ამაზე უპირობოდ გვთანხმდებიან, ჩვენც სიამოვნებით ვითმენთ მათ დომინირებას, სიუხეშეს, ემოციურ მიუწვდომლობას და ძალადობისა და კონტროლის სხვადასხვაგვარ გამოვლინებას. ამ პროცესში არასოდეს არ გვაქვს ადექვატურობისა და საკმარისად სიკარგის განცდა და ეს ბუნებრივიცაა, რადგან ყოველივე ეს ძალიან შორსაა იმისგან, რასაც ჯანსაღი ურთიერთობები და ჯანსაღი სიყვარული ქვია.
რა უდევს საფუძვლად სიყვარულზე არაჯანსაღ მიჯაჭვულობას
თქვენი ისტორია შესაძლოა სრულიად განსხვავებული იყოს ჩემი წარსულისგან, მაგრამ ნათქვამია, რომ ჩვენ ყველა ჩვენი წარსულიდან მოვდივართ და არაჯანსაღი მიჯაჭვულობის საფუძვლებიც ღრმა ბავშვობაში უნდა ვეძებოთ. იყო უსაფრთხოდ სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ თავს უსაფრთხოდ გრძნობდე. სწორედ ამიტომ, აღზრდის დამკვიდრებული არაჯანსაღი სტილიდან გამომდინარე , მივიღეთ არაერთი ტრავმირებული თაობა სადაც, გამუდმებით ვიმეორებდით მშობლების შეცდომებს და სასიყვარულო პარტნიორებსა თუ ოჯახებსაც ზუსტად იმავე სტეროტიპებით ვირჩევდით , როგორც ეს ჩვენს ოჯახებში იყო მიღებული. ბავშვობისდროინდელ ტრავმას და ბავშვის განცდას, რომ ის არასოდეს იყო საკმარისად კარგი მშობლისათვის, ერთი ტენდენცია ახასიათებს: ზრდასრულობაში რეტრავმატიზაციისაკენ მიდრეკილება იმ იმედითა და ილუზიით, რომ ის, რაც ვერ მოვაგვარეთ ბავშვობაში, შევძლებთ და გამოვასწორებთ ზრდასრულობაში. რეტრავმატიზაცია კი თავისთავად გულისხმობს ზუსტად ისეთივე ემოციურად არახელმისაწვდომი პარტნიორებისკენ მიდრეკილებას, როგორადაც აღვიქვამდით ჩვენს მშობლებს და ზუსტად ისეთივე დამოკიდებულებას ჩვენი მხრიდან მათდამი, როგორც ჩვენ გვექცეოდნენ საკუთარი მშობლები: ‘’შვილის მტრად გაზრდის’’ პრინციპით. ამიტომაც გასაკვირი სრულებითაც არაა, რომ თანასწორობაზე და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობები ვერ გვექნებოდა, რადგან ცნობიერ დონეზე ისინი ‘’ მოსაწყენი’’, ქვეცნობიერ დონეზე კი სრულიად გამოუსადეგარნი აღმოჩნდებოდნენ ჩვენი წარსული ტრავმების მოგვარების განცდის ილუზორულ პერსპექტივაში.
ამიტომაც არის რომ, ჯერ თავი უნდა შეიყვარო რომ შეძლო სხვისი შეყვარება და თავად უნდა გაჯანსაღდე იმისათვის, რომ ჯანსაღი ადამიანები გაჩნდნენ გარშემო. რადგან მშობლისა და შვილის ურთიერთობაში, ისევე როგორც სასიყვარულო ურთიერთობებში არაფერია იმაზე საშინელი, როცა არ იცი, როდის დაგსჯიან და როდის დაგაჯილდოვებენ, როცა ურთიერთობა კაზინოში თამაშს ემსგავსება, სადაც არასოდეს იცი წინასწარ მოიგებ თუ წააგებ, მაგრამ აგრძელებ იმ იმედით, რომ იქნებ გაგიმართლოს, იქნებ მოიგო, და აგრძელებ ასე უსასრულოდ, სრულ სულიერ და ფინანსურ გაბანკროტებამდე.
რა განასხვავებს ჯანსაღ სიყვარულის არაჯანსაღი მიჯაჭვულობისაგან
სიყვარული ისევე როგორც ნებისმიერი ენერგია შეგვიძლია დავთრგუნოთ, დესტრუქციაში გადავიყვანოთ ან განვავითაროთ და გავაძლიეროთ. გიყვარდეს ნიშნავს მოქმედებდე, რადგან სიყვარულს, ისევე როგორც ყველაფერ იმას რაც გვიყვარს, სჭირდება ზრუნვა, დაცვა, მოვლა ,განვითარება და თვითცნობიერებისა და შესაძლებლობების ამაღლებისაკენ სწრაფვა.
ალბათ უსასრულოდ შეიძლება წერო ფსიქოლოგიურ თემებზე ეხება ეს წყვილებს შორის არსებულ პრობლემებს თუ რაიმე სხვას. მიუხედავად იმისა, წერა ძალიან მიყვარს, ყოველი ბლოგის დასასრულს მრჩება უკმარისობის განცდა და ვფიქრობ, რომ უფრო გასაგებად, უფრო უკეთესად შემეძლო გადმოცემა. მაგრამ დროთაგანმავლობაში ისიც ვისწავლე, რომ წერა, კარიერა, ცხოვრება და მითუმეტეს სიყვარული ზღვის სანაპიროს გავს. ვერ გააკონტროლებ ტალღების ხმაურს, მათ ზომას, ვერც იმას, როდის ეხეთქებიან ნაპირებს და ბრუნდებიან უკან . უბრალოდ ზოგჯერ უფრო მეტად უნდა ვენდოთ საკუთარ თავებს და ზღვის ნაპირიზე ჩამომჯდრებივით, ტალღების თამაშის ცქერით დავტკბეთ.