სულიერი განზომილებების აღმოჩენა სპორტში. სვლა საზღვრებს მიღმა

წამიერად დასრულდა სანახაობა. 1992 წლის NBA ფინალის თამაში იყო. მაიკლ ჯორდანმა თავისი მორიგი, მე-6 სამქულიანი ჩაძირა კალათში და დიქტორს, მეჯიქ ჯონსონს ახედა, თან მხრები აიჩეჩა, თითქოს იმის თქმა უნდოდა, რომ ეს ყველაფერი თავისით ხდებოდა და თვითონ არაფერ შუაში იყო. მაგრამ ამ მომენტში მოხდა მნიშვნელოვანი რამ – ჯორდანი თავად გაოცდა ბუნების ამ გულუხვი საჩუქრის გამო, გაოცდა და დაკარგა კიდეც “ჯადო” – ყოვლისმომცველი კონცენტრაცია, რომლის ფლობის დროსაც მისთვის საზღვრები არ არსებობდა, როდესაც სული სრული თავისუფლებით სუნთქავდა.

მაიკლ ჯორდანი ჩვეულებრივი წარმატებული სპორტსმენი რომ არ იყო, ყველამ იცოდა, თუმცა მასაც, როგორც სხვა სპორტსმენებს, საერთო მახასიათებლები გააჩნიათ. ჩიკაგოს უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორმა მ. ციკზენტმიჰალიმ 25 წლიანი კვლევის შედეგებში დაახასიათა ჯორდანის თამაში. ამ პროფესორის პროფესიული კვლევები ძირითადად ეძღვნება ადამიანის ბედნიერების ბუნების შესწავლას. რას ფიქრობენ ადამიანები ბედნიერების მომენტში და როგორია მათი გონებრივი მდგომარეობა, რატომ მოაქვთ კონკრეტულ ქმედებებს სიამოვნება და სხვებს არა. ამ კვლევების მიხედვით პროფესორმა დაადგინა, რომ მსოფლიოში ყველა ადამიანისათვის რასის, რელიგიის ეროვნების, კულტურის, ასაკის და სქესის მიუხედავად არსებობს ადამიანური გამოცდილების საერთო განზომილებები. ისინი თითქმის ერთნაირად აღწერენ საკუთარ განცდებს – კერძოდ, ღრმა კონცენტრაციას, მაღალ-ეფექტურ შესრულებას, სულიერად ამაღლებულ ენერგიას, საკუთარი უნარების მძაფრ შეგრძნებას, სიმორცხვის გაქრობას და საკუთარ თავზე აღმატებულებას. მეცნიერმა ამ შეგრძნებას “დინება” დაარქვა, დღევანდელი სპორტსმენები კი ზონაში ყოფნას ეძახიან.

სულ 15-იოდე წლის წინ ეს ტერმინი სპორტში არც კი იხმარებოდა. ენაში ახალი იდიომის შემოჭრა მიუთითებდა, რომ საზოგადოებამ გააცნობიერა აქამდე სახელდაურქმეველი რეალობა. თავის ავტობიოგრაფიაში “მეორე ქარი” ბილ რასელი აღწერს, თუ როგორ შეიძლება ჩვეულებრივი ქმედებისას დადგეს “საოცარი გრძნობის” მომენტი, რომელსაც ადამიანის ჯადოსნურ განცდამდე მიყვანა შეუძლია. სხვა მახასიათებლებთან ერთად ავტორი ამ მომენტს ახასიათებს, როგორც თამაშის დროს დამდგარ “შენელებული ქმედების” მომენტს, რომლის დროსაც თითიქმის ყველაფერი ხელთ გეწიფება და წინასწარ ხვდები რა მოქმედება განვითარდება. ჩოგბურთის მეფედ წოდებული ბილი ჯინი ამბობდა: “ეს საოცარი კომბინაციაა ძალისმიერი მოქმედებისა ტოტალურ სიჩუმეში,.. როცა ეს ხდება მიკროფონი მინდა მქონდეს და ვიყვირო, “ეს არის ის, რაც მე მინდა..”

1989 წელს New York Time Magazine წერდა, რომ ზონა სხვებთან ერთად გამოიკვლიეს ფსიქოლოგებმა, ნევროლოგებმა და ანტროპოლოგებმა და განაცხადეს, რომ ეს ფენომენი აიხსნება გენეტიკის, გარემო ფაქტორების, მოტივაციის, ჰიპნოზის და პარაფსიქოლოგიის საშუალებით. დღესდღეობით პროფესიონალური სპორტის ფსიქოლოგების წინ დგას ურთულესი ამოცანა, რომელიც ითვალისწინებს მედიტაციისა და ვიზუალიზაციის წარმატებული მეთოდების გამოყენებასთან ერთად დასავლური ფსიქოლოგიის და კომპლექსური მეთოდების საშუალებით შექმნან ისეთი პროგრამა, რომელიც დაეხმარება სპორტსმენს უფრო ხშირად შევიდეს ზონაში და მომზადებული დახვდეს ამ დროს თამაშს.

ჩვენი კულტურა ჯერ ვერ აღწევს იმას, რომ შეიქმნას ლექსიკონი, რომელიც ასახავს შინაგანი განცდების სხვადასხვა დონეებს. ფსიქოლოგია, რომელიც ყველაზე უფრო მეტად აშუქებს შინაგან სამყაროს, დღემდე ძირითადად უღრმავდება პათოლოგიურ გადახრებს, ხოლო არსებული ლიტერატურა მწირია ისეთ გამოვლინებებზე, რომლებიც ჩვეულებრივ ფხიზელ, ცნობიერ მდგომარეობას აღემატება. სპორტის ფსიქოლოგი, რიკო ვოლფი ამბობს, თუ სპორტსმენს, რომელმაც მაგარი ბურთი აიღო, შეეკითხებით, რას გრძნობს იგი, გეტყვით, “არ ვიცი, მაგრამ, ის კი ვიცი, რომ რაც უნდა გამეკეთებინა, გავაკეთე”. ტიმ კიოუნი, სპორტული ჟურნალისტი წერს: “მათ არ შეუძლიათ ამის ახსნა, მაგრამ იციან, როდის არიან მასში”.

პოეტს შეუძლია არაორდინალური გრძნობის გადმოცემა ისე, რომ ჩვეულებრივმა ადამიანმა გაიგოს, სპორტსმენებს კი უმეტესწილად უჭირთ ამის გაკეთება, თუმცა ერთი მათგანი (დ. მეგისეი) მაინც ასე ახასიათებს ზონაში ყოფნის განცდას: “ზონა სპორტული გამოცდილების საფუძველია, ეს მომენტები კი, რომლებსაც ჩვეული მდგომარეობიდან უჩვეულოში გავყავართ, არის ის ძირითადი ძალა, რომლითაც სპორტი ადამიანს იზიდავს.” აქვე ის ახსნის სხვა სიტყვებითაც: “ზონა, როგორც ცნება, არის ზოგადი კონცეფცია, რომელიც განცდათა სპექტრია სხვადასხვა ხასიათით და ინტენსივობით.” ჩვენ თავს ვუყრით მათ და ვარქმევთ ერთ სახელს, რადგან მისი შემადგენელი სათუთი ელემენტების ჩამოთვლა და აღწერა არ შეგვიძლია. და მაინც ერთად აღებული ეს გამოცდილებები აშუქებენ შინაგან უნარებს, რომელთა მისაღწევი და გამოსავლენი საშუალება სწორედ სპორტია. “როდესაც მე ამ მდგომარეობაში ვარ, კონცენტრაციის მწვერვალზე, მე მაქვს სრული ყურადღების მოკრების უნარი და მთლიანად აწმყოში ვარ, ვაკონტროლებ ჩემს უმნიშვნელო მოძრაობასაც მხოლოდ იმ კონკრეტულ მომენტში. ეს მომენტი მიდის და მოდის, არ გეკითხება.

ხშირად ამბობენ, რომ კონცენტრაცია სიჩუმე და სიმშვიდეა. ლეგენდარული ფეხბურთელი პელე თავის ავტობიოგრაფიაში აღწერს სწორედ ასეთ “არნახულ სიმშვიდეს”, რომელიც მას დაეუფლა ერთ დღეს: “ეს იყო ეიფორიის მსგავსი რამ, მე ვიგრძენი, რომ შემეძლო მთელი დღე მერბინა და არ დავღლილიყავი, შემეძლო მეთამაშა მთელი გუნდის წინააღმდეგ და გუნდების წინააღმდეგაც კი, ვიცოდი არაფერი მომივიდოდა, ფიზიკურად ყველას ვაჯობებდი. ასეთი რამე არასოდეს განმეცადა. შეიძლება ეს წმინდა წყლის თავდაჯერებულობა იყო, მაგრამ სხვა დროსაც არ მაკლდა თავდაჯერებულობა, თუმცა ასეთი რამ – უძლეველობა, არ განმეცადა”

ერთად აღებული კონცენტრაცია, სიმშვიდე და თავდაჯერებულობა ქმნის “დამშვიდებულ კონცენტრაციას”. ამას ჯეკსონი დინებას ადარებს და აღნიშნავს, რომ განცდები, რომლებიც ამ მდგომარეობას ეწინააღმდეგება ზუსტად მათი საპირისპირო მდგომარეობებია – საკუთარი გონების კონტროლის დაკარგვა, შინაგანი ბრძოლა, დაძაბვა.

რუსი მძლეოსანი, იური ვლასოვი ამ მომენტს “თეთრ მომენტად” ნათლავს და ადამიანის ცხოვრებაში შეუდარებელ სიამოვნებად ახასიათებს. ის აღნიშნავს, რომ ეს წამებია, როცა მსოფლიო ძალებს ფლობ, როცა ყველაფერი მშვიდდება და ცხადი ხდება შენთვის. როცა ფრთები გაქვს… და შემდეგ მრავალი წელი შრომობ მუხლჩაუხრელად, რომ კვლავ განიცადო ეს სასწაული”. “ეს ის მომენტია, როცა ჩვენ ყველა დაბრკოლებისაგან ვთავისუფლდებით, როცა წმინდა ენერგია და წმინდა წესრიგი მყარდება ყველგან”. ცნობილი ნიჩბოსნის, მაიკლ ფილიპონის სიტყვებია: “ეს უმაღლესი განცდაა იმ წუთში ყოფნისა, ფენომენალური გრძნობაა, სულიერი და ყოველგვარი ვარჯიში უძლურია მის მისაღებად. აი, ამას ვუწოდებ ყველაზე ძვირფასს სპორტში”. ასეთ გამორჩეულ მომენტებში რაღაცა აღმატებული ფანტავს ცხოვრების დამაბნეველ ღრუბლებს და გამოჩნდება ხოლმე მის მიღმა არსებული სრულყოფილება.

ზონაში ყოფნა ბევრი სპორტსმენისა თუ ხელოვანი ადამიანის ოცნებაა. ამის მისაღწევად, ფსიქოლოგებმა სხვადასხვა პროგრამა შეიმუშავეს. მაგალითად, ჰენშენის პროგრამა ჩამოყალიბებულია მედიტაციის ტექნიკის, საომარი ხელოვნების და ფსიქოთერაპიის მეთოდების გამოყენებით ჩვეულებრივი სპორტული წვრთნის პარალელურად. ჰენშენის თქმით, ვერავინ მიაღწევს ამ მდგომარეობას შეკვეთით ფრჩხილებიც რომ დაიკვნიტოს, მაგრამ äღნიშნული პროგრამა ეხმარება სპორტსმენებს უფრო ხშირად განიცადონ ზონაში თამაში.

მაგრამ ზოგიერთი სპორტის ფსიქოლოგი, მაგ. ბობ როტელა, არ ეთანხმება ჰენშენის პროგრამის ოპტიმისტურ დაპირებებს, რომ რამენაირად ხელოვნურად შეიძლება ზონაში თამაშის გახშირება. “ის მოდის, როცა მოდის” და აღნიშნავს, რომ ძირითადად პირიქით ხდება, ზონაზე ფიქრიც კი აფრთხობს მის მოახლოვებას. ნებისმიერი მუსიკოსი, მედიტატორი თუ საბრძოლო მოქმედებათა სპეციალისტი გეტყვით, რომ როდესაც “მე” ცდილობს აღემატებოდეს და გავიდეს საკუთარი საზღვრებიდან, ის მით უფრო “მე”-ში ექცევა. ძალისხმევასთან ამ მოვლენას პროპორციული დამოკიდებულება არ გააჩნია.

საკუთარ საქმეში დახელოვნება და მშვიდი კონცენტრაცია სპორტში აუცილებელია, თუმცა არა-საკმარისი. ვიზუალიზაციას, მედიტაციას, რელაქსაციას და სპორტის ფსიქოლოგიის სხვა მეთოდებს შეუძლიათ ფიზიკური და გონებრივი უნარების წახალისება, მაგრამ საკუთარ თავზე აღმატებულობას არ იწვევენ. ამაში მდგომარეობს ინსპირაციის პარადოქსი და ეს ხდება არამხოლოდ სპორტში, არამედ ყველა სფეროში, შთაგონება ძალითა და სურვილით არ მოდის, ეს შემთხვევაა, ხოლო დიდმა და ხანგრძლივმა მუშაობამ შეიძლება მხოლოდ მიგაახლოვოთ მასთან. “როცა ეძებ შთაგონებას, ის ხელიდან გაგისხლტება, მაგრამ მაინც მისი ძებნის გარეშე ვერასოდეს განიცდი მას”.

მიუხედავად იმისა, რომ შეუძლებელია ზონაში ყოფნის ხელოვნურად გამოწვევა, მისი დადგომისათვის მომზადება შესაძლო და აუცილებელია. მომზადება ფიზიკურთან ერთად, ფსიქოლოგიურ მზადყოფნასაც გულისხმობს, გონებისა და სხეულის ნიჭების სრულ ჰარმონიზაციას. ამასთან ადამიანის სრული ნდობას იმისადმი, რაც წლების მანძილზე უკეთებია. შეიძლება ითქვას, რომ გამოთქმა – “ისწავლე როგორ აკეთო და რომ ისწავლი, დაივიწყე, რომ ისწავლე” ზუსტად შეესაბამება ამ მდგომარეობას.