შედი სიცარიელეში და დანებდი მოწყენილობას

შედი სიცარიელეში  და დანებდი  მოწყენილობას

თუ იმედი და ბედნიერება მხოლოდ ხვალინდელი დღის ჰორიზონტზე მოჩანს, თუ უამრავი დღე გადის სევდითა  და თვითრეალიზაციის განცდის დეფიციტით, თუ თქვენი გონება და გული სხვადასხვა ენაზე საუბრობენ, თუ სიყვარული ის ცნებაა, რომელიც  გამუდმებით ხელიდან გისხლტებათ, თუ მოწყენილობის, მარტოობის, შიშისა და სიცარიელის უდაბნოში ცხოვრობთ, მაგრამ ეძებთ თავისუფლებისა და ბედნიერების ოაზისს, მაშინ ეს ბლოგი თქვენთვის არის.

 

მოწყენილობა და სიცარიელე

ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, როდესაც პირველად ვიგრძენი სიცარიელე.ცივი,, შავი, ცარიელი ხვრელი და საშინელი მოწყენილობა არაფრისკეთებისგან. ის სიკვდილს გავდა და აუტანელს ხდიდა სიცოცხლეს. არ მახსოვს რა ინტენსივობით ბრუნდებოდა, მაგრამ ყოველთვის უკანმოუხედავად გავრბოდი მისგან და საქმეში, გართობაში, წიგნებში, მეგობრებში  და  მოგზაურობაში მივდიოდი მის დასავიწყებლად.ის მაინც პერიოდულად მახსენებდა თავს. ,,შემხედე, შემხედე,, ,,უფრო ახლოდან შემხედე, მეძახდა ხოლმე,მაგრამ არ ვუსმენდი. მის დაბრუნებაში კი, საჭიროზე მეტ თავისუფალ დროს ვადანაშაულებდი და ახალ ახალი საქმისა თუ თავგადასავლებისათვის გეგმებს ვაწყობდი.

‘’მოწყენილობის შიში,  საკუთარი თავის შიშია’’ – წერდა ერთ ერთი ფრანგი მწერალი. ‘’ ადამიანისთვის არაფერია ისეთი აუტანელი, ვიდრე სრულ მოსვენებულ მდგომარეობაში ყოფნა.საქმეების, მიზნების, გატაცებების, გართობისა და ძალისხმევის გარეშე გატარებული დღეები სრულ კოშმარს ემსგავსება,,რადგან სწორედ ასეთ მომენტებში ვხვდებით, რომ არარაობები, მარტოსულები, უმწეონი და ცარიელები ვართ’’ ამბობდა პასკალი. პასკალი ერთ ერთი პირველი ფილოსოფოსი იყო, ვინც მოწყენილობას ყურადღება დაუთმო, შემდეგ იყვნენ სხვებიც, თუმცა  ეს  თემა არასოდეს  გამხდარა ისე მნიშვნელოვანი, როგორც დღევანდელობაში, რადგან არასოდეს ყოფილა მოწყენილობა ისეთი გაუსაძლისი, როგორადაც აქცია იგი კონსუმერიზმისა და მატერიალიზმის ეპოქამ. ‘’მეტობას არ აქვს ზღვარი’’ მწერდა ერთ ერთი ჩემი მეგობარი და მართლაც,  ჩვენც უფრო მეტი გვინდა ხოლმე ყველაფერი: მეტი ფული, ცოდნა, გართობა, მიღწევა, აღიარება მოგზაურობა, მეტი  სიხარული….  და ამ მეტობის მარათონში მყოფებს გვავიწყდება, რომ  სიამოვნების ხაფანგში ვებმებით, გამუდმებით გარე მასტიმულირებლებზე ვართ დამოკიდებული და მოწყენილობასაც იმიტომ გავურბივართ, რომ სინამდვილეში საკუთარ თავთან დარჩენის გვეშინია. ვორკაჰოლიზმი, შოპაჰოლიზმი, ნარკომანია, სიტუაციური დეპრესიები, რომანტიულ ურთიერთობებზე არაჯანსაღი მიჯაჭვულობა, ეს  არასრული  ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რაც  საკუთარი თავიდან გაქცევას მოსდევს ხოლმე. რადგან თუ მოწყენილობა გაშინებს,  უკანმოუხედავად გარბიხარ სიცარიელიდან    იმ განძისმაძიებელივით, რომელმაც არ იცის, რომ ბნელ  და ტალახიან  სარდაფში   ძვირფასეულობაა გადამალული.

 

შეავსე სიცარიელე  

საკონცენტრაციო ბანაკს  გადარჩენილი  ცნობილი ვენელი ფსიქიატრი ვიქტორ ფრანკლი ამბობდა:  რომ ადამიანებს  ორი ძირითადი საბაზისო  ინსტიქტი გვაცოცხლებს, ერთია თვითგადარჩენის ინსტიქტი, ხოლო მეორე  მოტივაცია იმისათვის, რომ გადავრჩეთო. კარლ იუნგს სჯეროდა, რომ ნებისმიერი მენტალური აშლილობის მთავარი მიზეზი ცხოვრებისეული საზრისის დაკარგვა იყო. მას სხვა ფსიქიატრებიც ეთანხმებოდნენ და წერდნენ, რომ რაც უფრო  ნაკლებად ჰქონდა ადამიანს საკუთარი ცხოვრებისათვის აზრი მინიჭებული, მით  უფრო მეტი ფსიქოლოგიური პრობლემის მატარებელი იყო იგი.

ამიტომაც გასაკვირი სრულებითაც არ არის, რომ ადამიანები გამუდმებით მივისწრაფვით  საქმის, გართობის, კარიერული მიღწევებისა  და   სხვა ადამიანებზე დამოკიდებულებისაკენ, რათა რამენაირად აზრი შევძინოთ ჩვენს არსებობას. რათა როგორმე  არ ვიგრძნოთ  სიცარიელე, რაც შეიძლება შორს გავიქცეთ ყოველივე იმისგან, რაც ტკივილს გვაყენებს, დისკომფორტში გვაგდებს და გვაშორებს სიამოვნებისაგან.

მახსოვს როდესაც ცეკვა დავიწყე მთელი აქცენტი გამძლეობასა და სისწრაფეზე მქონდა გადატანილი. გულითა და სულით  მინდოდა კარგად მეცეკვა, მაგრამ ეს არადა არ გამოდიოდა. ‘’ შეავსე სიცარიელე, გაუძელი დგომას, ნაბიჯიდან ნაბიჯზე ნუ დახტიხარ, ეგ სირბილია, ცეკვა არ არის, გამუდმებით მესმოდა რეპეტიციაზე. დაახლოვებით ვხვდებოდი რაზე იყო საუბარი, მაგრამ სიცარიელის შევსებას  მეტი პლასტიკა, ერთ ადგილზე დგომით ენერგიის შექმნას კი ყველა კუნთის შეგრძნება და ამუშავება სჭირდებოდა . ეს კი დიდი ტკივილის გაძლებას და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა  განვითარებას  გულისხმობდა საკუთარ სხეულში, თან  საუბარი ისეთ შესაძლებლობებზე იყო, რომელიც ცოტა არ იყოს და ფანტასტიკის ჟანრად მეჩვენებოდა იმ მომენტში. ერთი პირობა ცეკვიდან წამოსვლაც კი გადავწყვიტე, რადგან დარწმუნებული არ ვიყავი, ავიტანდი თუ არა იმ ტკივილსა და შრომას , რაც ჩემი სხეულის ისეთ ტრანსფორმაციას მოახდენდა, რომელიც სიცარიელის შევსებას შეძლებდა.ცეკვაში დავრჩი, ჩემი საყვარელი პედაგოგის, ია კვირიკაშვილის წყალობით , რომლის შესახებაც აუცილებლად ცალკე დავწერ  ბლოგს ერთ მშვენიერ დღეს, სიცარიელის შევსების ამბავი კი მას შემდეგ ცხოვრებისეულ მეტაფორად მექცა  და მივხვდი, რომ ყველა ტკივილი, თუ მას გაუძელი გაჯილდოვებს, ყველა ბნელი და ცარიელი დერეფნის ბოლოს   შუქია, ადამიანური შესაძლებლობები უსაზღვროა, არჩევანი კი ჩვენზეა და შედეგიც იმაზეა დამოკიდებული თუ რას გადავწყვეტთ, სიცარიელისგან გაქცევას  თუ მის შევსებას.

 

მოწყენილობის ძალა

ტკივილი ზრდის განუყოფელი ნაწილია და ახლაც, როდესაც ამ ბლოგს ვწერ საშინელ სიცარიელეს, მოწყენილობასა და ტკივილს განვიცდი. მე ბიპოლარი ვარ,  ეს საჯაროდ  აქამდე არასოდეს მითქვამს, თუმცა ჩემი კარგად ყოფნა მუდამ იმაზე იყო დამოკიდებული ბიპოლარის რომელ ფაზაში ვიმყოფებოდი, ჰიპომანიის თუ დეპრესიის. მახსოვს ყოველთვის მეშინოდა და ვფიქრობდი ხოლმე: თუ ვერ გრძნობ, თუ ვერ მოძრაობ, თუ ვერ ფიქრობ, თუ არ გაინტერესებს, მაშინ რა აზრი აქვს სიცოცხლეს? მოწყენილობა  გართმევს ყველაფერს რაც შენია და ანაცვლებს იმით რაც არ გესმის, რაც გაუგებარია და რაც შენ არ ხარ. გამწყვდევს ერთ ადგილას და მხოლოდ იმის შესაძლებლობას გაძლევს, შენი თავის ნაცვლად  შენი თავის დამკვირვებელი იყო მხოლოდ გარედან…ეს ფსკერია, ენითაუწერელი ტკივილი, ბნელი, ვიწრო და ჩაკეტილი  გვირაბი რომლის კედლებს ხაფანგში დამწყვდეულივით აწყდები, მაგრამ უშედეგოდ. მერე ნებდები, ელოდები, დრო უსასრულოდ იწელება, ტკივილი ყოველდღიურობის თანმდევი ხდება, იმ ყოველდღიურობის ათასი საზრუნავით რომ არის გადავსებული და შენც   მორჩილად, შეძლებისდაგვარად ასრულებ რუტინას, მაგრამ არ იცი რატომ, რისთვის ან ვისთვის, რადგან ეს შენ არ გეხება,  ეს შენ არ ხარ. შენ ფსკერზე წევხარ, სიბნელეში, ემბრიონის პოზაში, ტალახში, სიცივეში,  მოკუნტული და შეშინებული.

მიუხედავად ყველაფრისა, დროთაგანმავლობაში  ვისწავლე  მოთმინება და მოწყენილობის  სასარგებლოდ  გამოყენება, რადგან მივხვდი, რომ სწორედ  ტკივილია ის ძალა, რაც ჩვენში არსებულ ყველა ლიმიტს ანადგურებს და გაათმაგებული  შესაძლებლობებით გვაბრუნებს უკან. ხეების მსგავსად,  რომლებიც ნახშირორჟანგს ჟანგბადად გარდაქმნიან, ჩვენც შეგვწევს ძალა  ადამიანური ფოტოსინთეზი ვაწარმოოთ და მისი საშუალებით     ჩვენი ყოფიერების  ყველაზე მოსაწყენი და ტკივილით აღსავსე  მომენტები მივიღოთ, მოვითმინოთ, გადავამუშავოთ და ახალი შესაძლებლობებით აღჭურვილებმა, ჩვენი ცხოვრება ახალ ეტაპზე  გადავიყვანოთ.

‘’როდესაც მოწყენილობა შეგიპყრობს, გადაეშვი მასში ბოლომდე, ნება მიეცი გაგჭყლიტოს, ჩაგძიროს, ფსკერამდე ჩაგითრიოს.მოწყენილობას შესწევს იმის ძალა, საკუთარი თავის ყველაზე საუკეთესო ვერსიებად გვაქციოს. თუ დაველოდებით, თუ მოთმინება გვეყოფა, თუ გავუძლებთ და თუ  მოვისმენთ, შევძლებთ გავიგოთ რას გვეუბნება.შედეგად კი  ამოვალთ  სიცარიელიდან და ვუპასუხებთ  მის გამოწვევას’’  იოსებ ბროდსკი

‘’როდესაც ღმერთმა მოიწყინა,მან შექმნა ადამიანი’’ – კირკეგორი